არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

იერემიას 29:11 — „ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის“

იერემიას 29:11 — „ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის“

 „ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის, — ამბობს იეჰოვა, a — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ“ (იერემია 29:11, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი“ (იერემია 29:11, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

იერემიას 29:11-ის ახსნა

 იეჰოვა ღმერთი თავის თაყვანისმცემლებს მშვიდობიან მომავალს დაჰპირდა. მართალია, მან ამ სიტყვებით წარსულში მცხოვრებ ხალხს მიმართა, მაგრამ აქ იეჰოვას ახლანდელი განწყობაც გამოიხატება. იეჰოვა იმედის მომცემი ღმერთია (რომაელები 15:13). ბიბლიაში ამგვარი დაპირებები იმიტომ არის შემონახული, რომ ჩვენც გვქონდეს უკეთესი მომავლის იმედი (რომაელები 15:4).

იერემიას 29:11-ის კონტექსტი

 ეს არის იმ წერილის სიტყვები, რომელიც იერუსალიმიდან ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებს გაეგზავნა b (იერემია 29:1). ღმერთმა გადასახლებაში მყოფ იუდეველებს უთხრა, რომ ისინი ტყვეობაში დიდი ხნის განმავლობაში იქნებოდნენ, ააშენებდნენ სახლებს, გააშენებდნენ ვენახებს და იყოლიებდნენ შვილებს (იერემია 29:4—9). თუმცა ღმერთმა მათ ასეთი სიტყვებიც უთხრა: „როცა სამოცდაათი წელი შესრულდება ბაბილონში, მაშინ მოგხედავთ და განვამტკიცებ ჩემს სასიკეთო სიტყვას და დაგაბრუნებთ ამ ადგილზე“ (იერემია 29:10). ამ სიტყვებით ღმერთმა დაარწმუნა იუდეველები, რომ მათ არ დაივიწყებდა და სამშობლოში დაბრუნების იმედსაც არ გაუმტყუნებდა (იერემია 31:16, 17).

 ღმერთმა შეასრულა ისრაელებისთვის მიცემული პირობა. ბაბილონი სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო, როგორც ეს ღმერთს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები (ესაია 45:1, 2; იერემია 51:30—32). მალევე კიროსმა იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების ნება დართო. 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ ისინი იერუსალიმში დაბრუნდნენ (2 მატიანე 36:20—23; ეზრა 3:1).

 იერემიას 29:11-ში ჩაწერილი დანაპირების ზედმიწევნით შესრულება იმედს უსახავს მათ, ვინც ღვთის დაპირებების შესრულებას ელის. ერთ-ერთი ასეთი დაპირების მიხედვით, ღვთის სამეფოს მმართველობის დროს იესო ქრისტე დედამიწაზე სრულ მშვიდობას დაამყარებს (ფსალმუნი 37:10, 11, 29; ესაია 55:11; მათე 6:10).

მცდარი შეხედულებები იერემიას 29:11-ზე

 მცდარი შეხედულება: ღმერთს კონკრეტული „განზრახვა“ აქვს თითოეულ ადამიანთან დაკავშირებით.

 სინამდვილე: ღმერთი ყველა ადამიანს აძლევს უფლებას, თავად აირჩიოს, როგორ იცხოვროს. იერემიას 29:11-ში ღმერთი მშვიდობას დაჰპირდა ბაბილონში მცხოვრებ იუდეველებს, როგორც ჯგუფს. მშვიდობიანი მომავალი მას ცალკეული იუდეველისთვის კი არა, მთლიანი ერისთვის ჰქონდა განზრახული (იერემია 29:4). თუმცა ღმერთმა თითოეულ იუდეველს მისცა შესაძლებლობა, თავად გადაეწყვიტა, შესრულდებოდა თუ არა ეს სასიკეთო დანაპირები პირადად მასზე (კანონი 30:19, 20; იერემია 29:32). ის, ვინც ღვთის დაპირების შესრულებას ელოდა, მთელი გულით ლოცულობდა და ეძებდა ღმერთს (იერემია 29:12, 13).

 მცდარი შეხედულება: ღმერთი თავის თაყვანისმცემლებს სიმდიდრით აკურთხებს.

 სინამდვილე: ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში იერემიას 29:11-ში მოხსენიებული სიტყვა „მშვიდობა“ ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან, რაც „მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას“ მოიაზრებს. კონტექსტიდან ჩანს, რომ გადასახლებაში მყოფ იუდეველებს ღმერთი სიმდიდრეს კი არა, მშვიდობას და კეთილდღეობას დაჰპირდა. იუდეველები, როგორც ერი, კვლავ იარსებებდნენ და ერთ დღესაც იერუსალიმში დაბრუნდებოდნენ (იერემია 29:4—10).

წაიკითხეთ იერემიას 29-ე თავი სქოლიოებისა და მარგინალური მუხლების გამოყენებით.

a იეჰოვა არის ღვთის საკუთარი სახელი (ფსალმუნი 83:18).

b იერემიას 29:11-თან დაკავშირებით ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნულია: „წმინდა წერილებში ძნელად თუ მოიძებნება სხვა მონაკვეთი, სადაც იაჰვე [იეჰოვა] მსგავსი სიმძაფრით გამოხატავს თანაგრძნობას გადასახლებაში მყოფების მიმართ; ამ დაპირებით ის ოპტიმიზმის და უკეთესი მომავლის მოლოდინის საფუძვლიან მიზეზს აძლევს მათ“ (The Expositor’s Bible Commentary, ტომი 7, გვერდი 360).