არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 9

რას ვსწავლობთ წინამძღოლად დანიშნულის მესიისგან?

რას ვსწავლობთ წინამძღოლად დანიშნულის მესიისგან?

ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ხალხებს წინამძღოლად მესიას დაუნიშნავდა. ღმერთმა იცის, როგორი წინამძღოლი გვჭირდება და ამ საქმისათვის საუკეთესო კანდიდატი შეარჩია. როგორი წინამძღოლი იყო მესია? ვინ იყო ის — ძლევამოსილი მხედართმთავარი, ძლიერი პოლიტიკოსი თუ ჭკვიანი ფილოსოფოსი? წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ მესია, იესო ქრისტე, ყველასგან გამორჩეული წინასწარმეტყველი იყო (მათე 23:10).

ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ იესო სრულყოფილი და წმინდა დაბადებულიყო. სატანამ ვერანაირად ვერ შეძლო მისი ცდუნება. სიტყვითა თუ საქმით იესო სრულყოფილად ჰბაძავდა ღმერთს ძალის, სამართლიანობის, სიბრძნისა და სიყვარულის გამოვლენაში. მოდი ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია იესოს მაგალითიდან.

იესო ძალ-ღონეს არ იშურებდა ხალხის დასახმარებლად.

ის ღვთისგან ბოძებულ ძალას სხვების დასახმარებლად იყენებდა. იესო ზრუნავდა ხალხზე და თავის ძალას უშურველად იყენებდა მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. „გული მეწვის ამ ხალხის შემხედვარეს . . . [რადგან] საჭმელიც გამოელიათ“, — თქვა მან (მარკოზი 8:2). შემდეგ სასწაულებრივად დააპურა უამრავი ხალხი, რომელიც მის მოსასმენად იყო მისული.

იესო აგრეთვე ბევრს დადიოდა, ასწავლიდა და „კურნავდა ხალხს ნებისმიერი ავადმყოფობისა თუ უძლურებისგან“ (მათე 4:23). გასაგებია, რატომ დაჰყვებოდა ამდენი ხალხი და რატომ ცდილობდა ყველა, „შეხებოდა იესოს, რადგან ძალა გამოდიოდა მისგან და ყველა იკურნებოდა“ (ლუკა 6:19). იესო ნამდვილად არ „მოსულა იმისთვის, რომ მას მოემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და სიცოცხლე გასწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). * გახსენდებათ რომელიმე წინამძღოლი, რომელიც ასეთ თავდადებას იჩენდა ხალხისთვის?

იესოს უყვარდა ბავშვები.

ის ღმერთს ჰბაძავდა სამართლიანობაში. იესო ზედმიწევნით იცავდა ღვთის კანონს და მას კარგად ესმოდა კანონის არსი. როგორც წმინდა წერილებში იყო ნაწინასწარმეტყველები, მას შეეძლო ეთქვა: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმუნი 40:8). ყველას — მდიდარსა თუ ღარიბს, ქალსა თუ კაცს, დიდსა თუ პატარას — ღვთის მსგავსად იესო პატივისცემით, ღირსეულად და მიუკერძოებლად ექცეოდა. ერთხელ, როცა იესოს მოწაფეებმა დაუშალეს მშობლებს იესოსთან ბავშვების მიყვანა, იესომ უთხრა მათ: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ უშლით, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო“ (მარკოზი 10:14).

ის ავლენდა ღვთიურ სიბრძნეს. იესო ადვილად უგებდა ყველას, რადგან კარგად იცნობდა ადამიანის ბუნებას (იოანე 2:25). ეს მათაც კი აღიარეს, ვინც მტრებმა მის შესაპყრობად გაგზავნეს: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია!“ საიდან ჰქონდა იესოს ასეთი სიბრძნე? მან თქვა: „რასაც ვასწავლი, ჩემგან კი არა, ჩემი გამომგზავნელისგანაა“ (იოანე 7:16, 46).

იესოს ეცოდებოდა ავადმყოფები და კურნავდა მათ.

ის ავლენდა ღვთიურ სიყვარულს. იესოს ადამიანები ებრალებოდა. ერთხელ ერთი კაცი, რომელსაც „კეთრი მთელ სხეულზე მოსდებოდა“, შეევედრა მას: „უფალო, თუკი მოისურვებ, შეძლებ ჩემს განკურნებას“. იესოს სიბრალულით აევსო გული, «ხელი გაიწოდა, შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიკურნე!“ მას მაშინვე გაუქრა კეთრი» (ლუკა 5:12, 13; მარკოზი 1:41, 42). იესოს გულწრფელად სურდა, რომ ამ გაჭირვებული ადამიანისთვის ტანჯვა შეემსუბუქებინა.

თქვენზეც ზრუნავს იესო? ამაზე თვითონ იესო გვცემს პასუხს: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდებით“ (მათე 11:28, 29).

იესო საუკეთესო წინამძღოლია. ის მოგვიწოდებს: „ისწავლეთ ჩემგან“. გამოეხმაურებით მის გულთბილ მოწვევას? თუ ასე მოიქცევით, ბედნიერი იქნებით.

^ გამოსასყიდის შესახებ ინფორმაცია იხილეთ წიგნში „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“, თავი 27.