არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

JW სატელიტური არხი აღწევს იქ, სადაც ინტერნეტი არ არის

JW სატელიტური არხი აღწევს იქ, სადაც ინტერნეტი არ არის

2021 წლის 1 აპრილი

 ჩვენ ყოველთვე მოუთმენლად ველით, როდის განთავსდება JW მაუწყებლობაზე ახალი პროგრამები თუ ვიდეოები. თუმცა აფრიკაში მცხოვრები ბევრი და-ძმა ინტერნეტის მეშვეობით ვერ უყურებს JW მაუწყებლობას. რა უშლის მათ ხელს?

 აფრიკის დიდ ნაწილს ინტერნეტი შეზღუდულად მიეწოდება. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია, სიჩქარე ძალიან დაბალია და მომსახურებაც საკმაოდ ძვირია. მაგალითად, მადაგასკარში ერთმა სარაიონო ზედამხედველმა ინტერნეტკაფეში JW მაუწყებლობის პროგრამის ჩამოტვირთვაში 16 დოლარი გადაიხადა. a ამ თანხას აფრიკის ქვეყნებში ზოგი კვირიდან კვირამდეც კი ვერ გამოიმუშავებს.

 ამ დაბრკოლებების მიუხედავად, აფრიკაში მცხოვრები მილიონობით ადამიანი უყურებს JW მაუწყებლობას ინტერნეტის გარეშე. როგორ გახდა ეს შესაძლებელი?

 2017 წლიდან სუბსაჰარული აფრიკის ტერიტორიაზე JW მაუწყებლობა სატელიტური არხის მეშვეობით გადაიცემა. ამ არხის ყურება, რომელიც 16 ენაზეა ხელმისაწვდომი, და-ძმებს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ.

მოზამბიკელი ძმები დარბაზში სატელიტურ თეფშს ამონტაჟებენ, 2018 წელი.

 JW მაუწყებლობის გადაცემა სატელიტური არხის მეშვეობით რომ გამხდარიყო შესაძლებელი, იეჰოვას მოწმეებმა ხელშეკრულება გააფორმეს კომპანიასთან, რომელიც ტელევიზიებს სამაუწყებლო მომსახურებას უწევს. ამ სატელიტური არხით სარგებლობისთვის, რომელიც სუბსაჰარული აფრიკის 35 ქვეყანაში გადაიცემა, ორგანიზაცია ყოველთვე 12 000 დოლარზე მეტს იხდის. თუმცა დროდადრო დამატებითი ხარჯების გაღებაც ხდება საჭირო, რათა ესა თუ ის ღონისძიება სხვა არხითაც გადაიცეს პირდაპირი ტრანსლაციით. ამის წყალობით ათასობით და-ძმა უყურებს კონგრესის პროგრამებსა და ფილიალის მონახულების დროს წარმოთქმულ მოხსენებებს.

მალავიში ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო განყოფილებაში მომსახურე ძმები JW სატელიტურ არხს უყურებენ, 2018 წელი.

 JW სატელიტურ არხს ბევრი, მათ შორის არა იეჰოვას მოწმეებიც, სახლში, თავიანთ ტელევიზორებში უყურებენ. თუმცა ზოგ ჩვენს და-ძმას იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ საჭირო მოწყობილობები შეიძინოს. იმისათვის, რომ ამ და-ძმებმაც შეძლონ JW მაუწყებლობის ყურება, 3 670-ზე მეტ დარბაზში დამონტაჟდა სატელიტური თეფში და სიგნალის მიმღები. თითოეული დარბაზისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენასა და მათ ადგილზე მიტანას დაახლოებით 70 დოლარი სჭირდება; ისიც იმ შემთხვევაში, თუ დარბაზში უკვე არის ტელევიზორი ან პროექტორი. სხვა შემთხვევაში ხარჯი შეიძლება 530 დოლარამდე გაიზარდოს.

 და-ძმებს ძალიან ახარებთ, რომ JW სატელიტური არხის მეშვეობით სულიერი პროგრამების ყურების შესაძლებლობა აქვთ. ერთი კამერუნელი უხუცესი ამბობს: „ეს არხი ჩვენი ოჯახისთვის მანანასავითაა უდაბნოში“. ნიგერიელი ძმა, ოდებოდი კი აღნიშნავს: „ჩვენი ოჯახი ამ არხს კვირაში სამჯერ უყურებს. ბავშვები ყოველთვის მოუთმენლად ელიან ამ დღეს. ისინი სხვა დროსაც გვთხოვენ ხოლმე, რომ JW არხზე გადავრთოთ“. ნიგერიაში მცხოვრები ერთი და, როზი გვიზიარებს: „მიხარია, რომ მას შემდეგ, რაც JW სატელიტური არხი გვაქვს, ისე ხშირად აღარ ვუყურებ ახალ ამბებს. ზოგი სიახლე იმდენად უარყოფითად მოქმედებდა ჩემზე, რომ წნევაც კი მიწევდა. JW მაუწყებლობის ყურება კი ყოველთვის მამხნევებს და სიმშვიდეს მგვრის. ის ჩემი საყვარელი არხია! ვთვლი, რომ იეჰოვამ უხვად გვაკურთხა“.

მალავიში ოჯახი JW სატელიტურ არხზე ანიმაციურ ვიდეორგოლს უყურებს.

 მოზამბიკში მცხოვრები ერთი სარაიონო ზედამხედველი გვიყვება, რომ მის რაიონში ძმებმა დარბაზებში JW სატელიტური არხის საყურებლად საჭირო მოწყობილობები დაამონტაჟეს. კრების შეხვედრის დაწყებამდე და-ძმები დარბაზში ერთი-ორი საათით ადრე მიდიან, რათა პროგრამას ერთად უყურონ.

ეთიოპიაში ერთ-ერთი კრება JW მაუწყებლობის საყურებლად შეიკრიბა, 2018 წელი.

 2019 წელს იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა) გამართული საერთაშორისო კონგრესის პროგრამის მთავარი თემები, მათ შორის ხელმძღვანელი საბჭოს წევრის მოხსენებები, ცხრა ლოკაციაზე JW სატელიტური არხის მეშვეობით გადაიცა. ერთი ძმა, სახელად სპუმილელე, რომელიც სამხრეთ აფრიკის ფილიალის სამაუწყებლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში მსახურობს, ამბობს: „ადრე მოხსენებებს ინტერნეტის საშუალებით გადავცემდით, მაგრამ ამას კარგი ინტერნეტი სჭირდება, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. JW სატელიტური არხის მეშვეობით კი, პროგრამა შეუფერხებლად გადაიცემა და და-ძმების მიერ გაღებული თანხებიც იზოგება“.

 მსოფლიო საძმოს მიერ გულუხვად შეწირული თანხების წყალობით ბევრი აფრიკელი და-ძმა JW მაუწყებლობას სატელიტური არხის მეშვეობით უყურებს. ძალიან ვაფასებთ თქვენს შესაწირავს, რომელსაც ვებგვერდის donate.isa4310.com-ის მეშვეობით იღებთ.

a ნაგულისხმევია ამერიკული დოლარი.