არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ნაწილდება თქვენ მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავები

მისიონერები „დედამიწის კიდით კიდემდე“

მისიონერები „დედამიწის კიდით კიდემდე“

2021 წლის 1 ივნისი

 იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები ... დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8). დღეს იეჰოვას მოწმეები გულმოდგინედ ასრულებენ იესოს ამ დავალებას. თუმცა მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის ვრცელ, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ჯერ არ არის ბოლომდე ნაქადაგები, ზოგ ქვეყანაში კი ცოტა მქადაგებელია (მათე 9:37, 38). რა კეთდება იმისთვის, რომ სასიხარულო ცნობა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს?

 იესოს დავალების შესასრულებლად იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს სამსახურებრივი კომიტეტი აგზავნის მისიონერებს იმ ქვეყნებში, სადაც ამის საჭიროებაა. ბოლო მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 3 090 მისიონერია. a უმეტესობამ გაიარა მომზადება ბიბლიურ სკოლაში სახელწოდებით „სამეფოს მახარობელთა სკოლა“. მისიონერები მზად არიან, დატოვონ თავიანთი სახლები და გადავიდნენ უცხო ქვეყანაში. სულიერი მოწიფულობა, კარგი ბიბლიური ცოდნა და გამოცდილება ეხმარება ამ ერთგულ მისიონერებს, გაავრცელონ სასიხარულო ცნობა და კარგი მაგალითი მისცენ იესოს ახალ მოწაფეებს.

მისიონერები იმ ტერიტორიებზე ქადაგებენ სასიხარულო ცნობას, სადაც მაუწყებლების დიდი საჭიროებაა.

მისიონერების დახმარებით სხვებსაც ვეხმარებით

 თითოეულ ფილიალში სპეციალურ მსახურთა ქვეგანყოფილება თანამშრომლობს ფილიალის კომიტეტთან იმ მიზნით, რომ მისიონერებს ჰქონდეთ სათანადო საცხოვრებელი, კარგი ჯანმრთელობა და მოკრძალებული ფულადი დახმარება აუცილებელი ხარჯების დასაფარად. 2020 სამსახურებრივ წელს იეჰოვას მოწმეებმა მისიონერებზე დახარჯეს დაახლოებით 27 მილიონი ამერიკული დოლარი. ამის წყალობით მისიონერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მთელი ყურადღება და ენერგია გადაიტანონ მსახურებაზე და ამავდროულად, იზრუნონ ადგილობრივი კრების გაძლიერებაზე.

მისიონერებს დიდი წვლილი შეაქვთ კრების გაძლიერებაში

 როგორ უჭერენ მისიონერები მხარს სამქადაგებლო საქმეს? ფრანკ მადსენი, რომელიც მალავის ფილიალის კომიტეტში მსახურობს, ამბობს: „თავიანთი გაბედულებისა და ღვთის სიტყვის დახელოვნებულად გადაცემის წყალობით, მისიონერები ეხმარებიან კრებებს, დაამუშაონ რთული ტერიტორიები, მაგალითად ჩაკეტილი დასახლებები ან უცხოენოვანი ტერიტორიები. ამასთანავე, სხვებზე დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ისინი მთელი მონდომებით სწავლობენ ადგილობრივ ენასა და კულტურას; მისიონერები კრების ახალგაზრდა მაუწყებლებს იმ მხრივაც ეხმარებიან, რომ სრული დროით მსახურებაზე იფიქრონ. იეჰოვას ვემადლიერებით, რომ გვყავს მისიონერები“.

 კიდევ ერთი ქვეყნის ფილიალის კომიტეტის წევრი კი ასეთ რამეს ამბობს: „მისიონერები იმის ცოცხალ მაგალითს წარმოადგენენ, რომ იეჰოვას ხალხი მთელ მსოფლიოში გაერთიანებულნი არიან. ისინიც კი, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები, აშკარად ხედავენ, რომ ჩვენ არ გვყოფს კულტურული სხვაობები და, რომ ბიბლიური სწავლებები გვაერთიანებს ერთ მსოფლიო საძმოდ“.

 როგორ ეხმარებიან მისიონერები ადგილობრივ მაუწყებლებს? პაულო, რომელიც ტიმორ-ლესტეში ცხოვრობს, ძალიან მადლიერია, რომ მის კრებაში მისიონერი წყვილი დანიშნეს. ის ამბობს: „ჩვენთან აუტანელი სიცხეები იცის. მიუხედავად იმისა, რომ მისიონერები ცივი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, სიცხის გამო არასოდეს იკავებენ თავს მსახურებისგან. ისინი ყოველთვის ესწრებიან სამქადაგებლო შეხვედრას, რომელიც დილაადრიან იმართება. ხშირად ვხედავ, როგორ აკეთებენ განმეორებით მონახულებებს შუადღეს, პაპანაქება მზეში და საღამოობითაც. მათი მეშვეობით ბევრმა გაიგო ჭეშმარიტება, მათ შორის მეც. ისინი მხოლოდ იმისთვის ცხოვრობენ, რომ იეჰოვას ემსახურონ, რასაც გულმოდგინედ და ენთუზიაზმით აკეთებენ. ეს კი მთელ კრებას აღძრავს, რომ უფრო მეტი გააკეთონ იეჰოვასთვის“.

 კეტი, რომელიც პიონერად მსახურობს მალავიში, გვიამბობს, როგორ დაეხმარა მის ოჯახს ერთი მისიონერი წყვილი. „როცა ჩვენს კრებაში მისიონერები დაინიშნენ, ოჯახში ერთადერთი მოწმე ვიყავი. ეს ცოლ-ქმარი ძალიან ამომიდგა მხარში. ისინი ჩემი ოჯახის ახლო მეგობრები გახდნენ. მათი კარგი მაგალითის შემხედვარე ჩემი შვილები მიხვდნენ, რომ იეჰოვას მსახურებას ბედნიერება და კმაყოფილება მოაქვს. მისიონერებმა კარგი გავლენა იქონიეს მათზე. მათი დამსახურებაა, რომ ჩემი სამი ქალიშვილი დღეს პიონერად მსახურობს, ჩემი ქმარი კი კრების შეხვედრებს ესწრება“.

 როგორ იფარება მისიონერების ხარჯები? მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის თქვენ მიერ გაღებული შესაწირავებით, რომელთაც ძირითადად ვებგვერდზე, donate.isa4310.com, მითითებული მეთოდებით სწირავთ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით გულუხვი შესაწირავებისთვის.

a ეს მისიონერები დანიშნულები არიან იმ კრებებში, სადაც მქადაგებლების დიდი საჭიროებაა. 1 001 მისიონერი მიმოსვლით საქმიანობას ეწევა.