არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კამილა როზამი | ავტობიოგრაფია

მთელი ცხოვრება იეჰოვასადმი მორჩილება მსურდა

მთელი ცხოვრება იეჰოვასადმი მორჩილება მსურდა

 ჩემმა პაპა-ბებიამ ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა 1906 წელს გაიგეს, როცა მათ დიფთერიით ვაჟი დაეღუპათ. მათი ვაჟის მკურნალი ექიმი ბიბლიის მკვლევარი იყო. მაშინ ასე უწოდებდნენ იეჰოვას მოწმეებს. მან ჩემს პაპა-ბებიას ბიბლიიდან აჩვენა, როგორი მომავალი გველოდა და რომ მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნდებოდათ. საბოლოოდ, ჩემი პაპა-ბებია, დედაჩემი და დეიდაჩემი ბიბლიის მკვლევრები გახდნენ.

 წლების განმავლობაში ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას. მახსოვს, როცა ჩიკაგოში (ილინოისი, აშშ) შემოქმედების ფოტოდრამის ჩვენება გაიმართა, დედა, დეიდა და ბებია ხალხს ადგილების მოძებნაში ეხმარებოდნენ. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მხოლოდ დედამ გააგრძელა იეჰოვასადმი მსახურება. ეს მისთვის ადვილი გადასატანი არ იყო, რადგან 1930 წლამდე მთელი ოჯახი ერთად იყო ჩართული ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში. დედის ასეთმა ერთგულებამ და იეჰოვასადმი მორჩილებამ ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. მამაჩემის მაგალითმაც დიდი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში.

საოჯახო ფოტო (1948 წ.)

 დავიბადე 1927 წელს. ექვსი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი ვიყავი. ექვსივე ჩვენგანი ჭეშმარიტებაში გავიზარდეთ. მამაჩემი დურგალი იყო. ჩვენ ჩიკაგოს მახლობლად ერთ მყუდრო სახლში ვცხოვრობდით. გვქონდა დიდი ბოსტანი და გვყავდა ქათმები და იხვები.

 ძალიან მიყვარდა სახლის საქმეები. თუმცა დიდად არ მხიბლავდა წინდების დაკერება. დღეს ასე აღარ ხდება, მაგრამ ჩემ ბავშვობაში დახეულ წინდებს არ ვყრიდით. ნემსით და ძაფით ვკემსავდით გარღვეულ ადგილებს და ისევ ვიყენებდით. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს საქმე მომავალშიც გამომადგებოდა.

მშობლების მაგალითი

 მამაჩემისთვის ოჯახის სულიერობა ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა. ასე რომ, ყოველ კრების შეხვედრას ვესწრებოდით, რეგულარულად ვმონაწილეობდით სამქადაგებლო საქმეში, ერთად ვკითხულობდით დღის მუხლს და ყოველ შაბათს, საღამოს, განვიხილავდით „საგუშაგო კოშკს“.

 მამაჩემმა სასტუმრო ოთახის ფანჯარაზე ელექტრონული ტაბლოც კი დაამონტაჟა. ეს იყო ჩვენი ძმების მიერ დამზადებული ტაბლო, რომელზეც გარკვეული ტექსტები ჩნდებოდა საჯარო მოხსენებასთან და რომელიმე პუბლიკაციასთან დაკავშირებით. ტაბლოზე შუქი სულ ციმციმებდა, რაც გამვლელების ყურადღებას იქცევდა. მამაჩემმა მსგავსი ორი ტაბლო მანქანაზეც დაამონტაჟა.

დედასთან ერთად პატეფონებით ქადაგებისას

 მამაჩემი სიტყვითა და საქმით გვასწავლიდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასადმი მორჩილება. დედაც ყველანაირად მხარში ედგა. როცა ჩემი პატარა და ხუთი წლის იყო, დედამ პიონერად მსახურება დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე ამ სახის მსახურებაში იყო ჩართული. მათზე უკეთეს მშობლებს ვერც კი ვინატრებდი.

 იმ პერიოდში სულ სხვანაირი იყო ცხოვრება. ტელევიზორი არ გვქონდა, ამიტომ ჩემ და-ძმებთან ერთად იატაკზე ვიჯექი და რადიოთი ვუსმენდით განსაკუთრებულად გამორჩეულ პროგრამებს. დღემდე სიამოვნებით მახსენდება ის დრო, როცა ოჯახის წევრებთან ერთად რადიოში ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ბიბლიურ მოხსენებებს ვისმენდით.

კონგრესები, პატეფონები და „სენდვიჩები“

 ძალიან გვიყვარდა კონგრესებზე დასწრება. 1935 წელს გამართულ კონგრესზე გავიგეთ, რომ გამოცხადების 7:9, 14-ში მოხსენიებულ „უამრავ ხალხს“, რომელიც „დიდ გასაჭირს“ გადაურჩებოდა, მარადიული ცხოვრების იმედი დედამიწაზე ჰქონდა. მანამდე ჩემი მშობლები სიმბოლოებს იღებდნენ, თუმცა კონგრესის შემდეგ მხოლოდ მამაჩემმა განაგრძო სიმბოლოების მიღება. დედაჩემი კი მიხვდა, რომ მას ზეციური მოწოდება არ ჰქონდა.

 1941 წელს სენტ-ლუისში (მისურის შტატი) გამართულ კონგრესზე ძმა ჯოზეფ რუტერფორდმა გამოაცხადა, რომ გამოიცა წიგნი, სახელწოდებით „ბავშვები“. აუდიტორიაში მქუხარე ტაშის ხმა გაისმა. მაშინ 14 წლის ვიყავი და უკვე ერთი წელი იყო გასული ჩემი ნათლობიდან. ახლაც თვალწინ მიდგას, სხვა ბავშვებთან ერთად, როგორ გავიქეცი წიგნის ასაღებად.

მე და ლორეინი (1944 წ.)

 იმ პერიოდში განსხვავებული მეთოდებით ვმსახურობდით. 1930-იან წლებში ვიყენებდით პატეფონებს და მობინადრეებს ბიბლიურ მოხსენებებს ვასმენინებდით. სანამ კარზე დავაკაკუნებდით, ვამოწმებდით, რამდენად გამართულად მუშაობდა პატეფონი. როცა მობინადრე კარს გააღებდა, მოკლე შესავალს ვაკეთებდით და ოთხწუთ-ნახევრიან მოხსენებას ვასმენინებდით, რის შემდეგაც ლიტერატურას ვაძლევდით. ჩვენ ტერიტორიაზე ხალხი პატივს გვცემდა. არ მახსენდება არცერთი უსიამოვნო შემთხვევა. 16 წლის ასაკში პიონერად მსახურება რომ დავიწყე, მამამ მეც მომცა პატეფონი, რაც ძალიან მადგებოდა ქადაგების დროს.

 და-ძმები ჯგუფურადაც ვმსახურობდით ხოლმე. ამ სახის მსახურებას „სენდვიჩებით“ ქადაგებას ვეძახდით. „სენდვიჩი“ იყო თასმებით გადაბმული ორი პლაკატი, რომელთაგან ერთი გულზე გვეკიდა, მეორე კი — ზურგზე. მათზე სხვადასხვა წარწერა იყო გაკეთებული, მაგალითად, „რელიგია სატყუარაა და თაღლითობა“ და „ემსახურეთ ღმერთს და მეფე ქრისტეს“.

„სენდვიჩებით“ ქადაგება

 კრების შეხვედრები დიდ დახმარებას გვიწევდა და მოსალოდნელი წინააღმდეგობისთვის გვამზადებდა. ძმები გვასწავლიდნენ, როგორ გვესაუბრა ასეთ სიტუაციებში სხვებთან ჩვენ მრწამსზე. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობასაც შევხვდით. ერთხელ, როცა საქმიან უბანზე ჟურნალებს ვთავაზობდით ხალხს, პოლიციამ დაგვაკავა და ფურგონით განყოფილებაში გადაგვიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ გაგვათავისუფლეს. ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ასეთ სირთულეს იეჰოვასადმი მორჩილების გამო შევხვდით.

ქორწინება, სკოლა „გალაადი“ და ჯარში გაწვევა

ჩვენი ქორწილის დღე

 იმ დროს ხშირად ვთანამშრომლობდი ერთ დასთან, ლორეინთან, რომელმაც ძმა იუჯინ როზამი გამაცნო. მათ ერთმანეთი მინეაპოლისში (მინესოტა) გამართულ კონგრესზე გაუცნიათ. იუჯინი ფლორიდის შტატში, ქალაქ კი-უესტში გაიზარდა. ის მეათე კლასში იყო, როცა სკოლიდან გარიცხეს, რადგან მონაწილეობა არ მიიღო პატრიოტულ ცერემონიალში. მან მაშინვე დაიწყო პიონერად მსახურება. ერთხელ ის თავის ყოფილ კლასელს შეხვდა. იუჯინი კარგი მოსწავლე იყო, ამიტომ მისი კლასელი გოგონა გაკვირვებული იყო, რატომ გარიცხეს ის სკოლიდან. მის კითხვებს იუჯინი ბიბლიიდან პასუხობდა, რამაც მას შესწავლა გადააწყვეტინა. მოგვიანებით ის იეჰოვას ერთგული მსახური გახდა.

მე და იუჯინი კი-უესტში (1951 წ.)

 მე და იუჯინი 1948 წელს დავქორწინდით, რის შემდეგაც ერთად განვაგრძეთ პიონერად მსახურება კი-უესტში. მოგვიანებით სკოლა „გალაადის“ მე-18 კლასში მიგვიწვიეს. სწავლა 1952 წლის დასაწყისში დავასრულეთ. სკოლაში ესპანურსაც გვასწავლიდნენ, ამიტომ ვფიქრობდით, რომ მისიონერებად ესპანურენოვან ტერიტორიაზე გაგვგვზავნიდნენ. თუმცა ეს ასე არ მომხდარა. სკოლა „გალაადში“ სწავლის პერიოდში კორეის ომმა იფეთქა და იუჯინი ჯარში გაიწვიეს. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის თავისუფალი უნდა ყოფილიყო ჯარიდან. ამის გამო, ძმებმა გადაწყვიტეს, რომ შეერთებულ შტატებში დავრჩენილიყავით. ამის მოსმენაზე ტირილი ამივარდა და ძალიან იმედგაცრუებულად ვიგრძენი თავი. ორი წლის შემდეგ იუჯინს საბოლოოდ მოუხსნეს ჯარში მსახურების ვალდებულება. მართალია, თავიდან გული გაგვიტყდა, მაგრამ ამ ყველაფერმა ერთი რამ გვასწავლა — თუ ერთი კარი დაიხურება, იეჰოვა მეორეს გაგიღებს, მთავარია, მოითმინო.

ჩვენი კლასი სკოლა „გალაადში“

მიმოსვლითი მსახურება და კანადაში გატარებული წლები

 1953 წელს, ტუსონში (არიზონა) ესპანურენოვან კრებაში პიონერად მსახურების შემდეგ, მიმოსვლითი მსახურება დავიწყეთ. წლების მანძილზე ოჰაიოში, კალიფორნიასა და ნიუ-იორკში ვმსახურობდით. 1958 წელს იუჯინი საოლქო ზედამხედველი a გახდა და კალიფორნიასა და ორეგონში მოგვიწია მსახურება. ამ პერიოდში, ძირითადად, ჩვენი და-ძმების სახლებში ვრჩებოდით ხოლმე. 1960 წელს კანადაში გადავედით, სადაც იუჯინი სამეფო მსახურების სკოლის ინსტრუქტორად მსახურობდა. კანადაში 1988 წლამდე დავრჩით.

 სასიამოვნოდ მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც კანადაში გადამხდა თავს. კარდაკარ ქადაგების დროს მე და ერთი და შევხვდით ქალბატონს, სახელად გალს. მან აღნიშნა, რომ მისი ვაჟები ძალიან განიცდიდნენ პაპის სიკვდილს და აინტერესებდათ, რატომ მოკვდა ან სად წავიდა ის. მაგრამ გალს ამ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა. ჩვენ კი ყველა კითხვაზე ბიბლიიდან გავეცით პასუხი.

 იმ დროს იუჯინი კრებას ინახულებდა, ამიტომ იქ მხოლოდ ერთი კვირით ვიყავით. თუმცა ჩემთან ერთად მყოფმა დამ გალს განმეორებით მიაკითხა. საბოლოოდ, მან, მისმა მეუღლე ბილმა, და მათმა სამმა ვაჟმა, კრისტოფერმა, სტივმა და პატრიკმა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. დღეს კრისტოფერი კანადის ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს, სტივი ბიბლიური სკოლის ინსტრუქტორია, ხოლო პატრიკი ტაილანდის ფილიალის კომიტეტში მსახურობს. წლების განმავლობაში ვმეგობრობდით მე და იუჯინი ამ ოჯახთან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათთვის იეჰოვას გაცნობაში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის.

საავადმყოფოებთან თანამშრომლობა

 კანადაში ყოფნის დროს იეჰოვამ მსახურების კიდევ ერთი კარი გაუხსნა იუჯინს. ნება მიბოძეთ, ესეც გიამბოთ.

 წლების წინ სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საზოგადოებას არ ესმოდა, ამიტომ მათგან აშკარად იგრძნობოდა უარყოფითი დამოკიდებულება. გაზეთებში სულ იმას წერდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები სისხლს არ უსხამდნენ შვილებს და სასიკვდილოდ იმეტებდნენ. ჩემს ქმარს პატივი ჰქონდა, რომ ფართო საზოგადოებისთვის სიმართლე დაენახვებინა და ამ საქმეში თავისი წვლილი შეეტანა.

 1969 წელს ბუფალოში (ნიუ-იორკი) საერთაშორისო კონგრესი იგეგმებოდა. იუჯინი რამდენიმე ძმასთან ერთად არაერთ საავადმყოფოს ეწვია და ექიმებს შეატყობინა, რომ კანადიდან და შეერთებული შტატებიდან დაახლოებით 50 000 იეჰოვას მოწმე უნდა ჩამოსულიყო კონგრესზე დასასწრებად. ძმებმა ექიმებს სთხოვეს, რომ თუ რაიმე მიზეზით სამედიცინო ჩარევა გახდებოდა საჭირო, გაეთვალისწინებინათ ჩვენი შეხედულება სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით. ძმებმა მათ უსისხლო მკურნალობასთან დაკავშირებული სტატიებიც მისცეს, რომლებიც ექიმებისთვის ავტორიტეტული ჟურნალებიდან იყო აღებული. ექიმების დადებითმა გამოხმაურებამ იუჯინი და დანარჩენი ძმები აღძრა, რომ საავადმყოფოები კანადაშიც მოენახულებინათ. მათ ადგილობრივ უხუცესებსაც ასწავლეს, როგორ ემოქმედათ გადაუდებელ სამედიცინო სიტუაციებში.

 თანდათან ძმების მცდელობამ ნაყოფი გამოიღო. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები.

სამკერვალოში მუშაობის დროს

 1980-იანი წლების შუა პერიოდში იუჯინს ბრუკლინში (ნიუ-იორკი) განთავსებული მთავარი სამმართველოდან მილტონ ჰენშელმა დაურეკა. ხელმძღვანელ საბჭოს სურდა, რომ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ექიმებისთვისაც გაეცნოთ უსისხლო მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. ასე რომ, მე და იუჯინი ბრუკლინში გავემგზავრეთ. 1988 წლის იანვარში ხელმძღვანელმა საბჭომ მსოფლიო მთავარ სამმართველოში ჩამოაყალიბა ახალი განყოფილება, რომელსაც „სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრი“ ეწოდა. მოგვიანებით ჩემს მეუღლეს და კიდევ ორ ძმას სემინარების ჩატარება დაავალეს. თავიდან აშშ-ს ფარგლებში უნდა ჩაეტარებინათ სემინარები, შემდეგ კი — სხვა ქვეყნებში. მალევე ეს განყოფილება სხვა ფილიალებშიც გაიხსნა და სხვადასხვა ქალაქში ჩამოყალიბდა საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები. წარმომიდგენია, იეჰოვას ასეთი მზრუნველობისა და სიყვარულის წყალობით რამდენმა მშობელმა და შვილმა მიიღო დახმარება. როცა იუჯინი სემინარებს ატარებდა და საავადმყოფოებს ინახულებდა, მე ადგილობრივ ფილიალს ვეხმარებოდი — ხან სამზარეულოში ვმუშაობდი, ხან კიდევ სამკერვალოში.

საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტის წევრებისთვის გამართული სემინარი (იაპონია)

დიდი ტკივილი

 2006 წელს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი დადგა. ჩემი ძვირფასი მეუღლე, იუჯინი, გარდაიცვალა. ძალიან მენატრება მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი. ალბათ გაინტერესებთ, რა დამეხმარა ამ ტკივილის ატანაში. პირველ რიგში, ლოცვა და ბიბლიის კითხვა. გარდა ამისა, ყოველდღე ვესწრებოდი ბეთელის დილის პროგრამას, სადაც დღის მუხლი განიხილება ხოლმე. შემდეგ კი მთლიან თავს ვკითხულობდი, საიდანაც მუხლი იყო აღებული. თანაც ბეთელში სამკერვალოში ვმსახურობდი, რაც ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. რამდენიმე წლის წინ იმის შესაძლებლობაც მომეცა, რომ ნიუ–ჯერზისა და ნიუ-იორკის საკონგრესო დარბაზებისთვის ფარდები შემეკერა. ახლა ფიშკილში, ბეთელში, ვმსახურობ და პატარ-პატარა დავალებებს ვასრულებ. b

 ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში ისაა, რომ მიყვარდეს იეჰოვა და ყოველთვის დავემორჩილო მას და მისი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას (ებრაელები 13:17; 1 იოანე 5:3). ბედნიერი ვარ, რომ ჩემთვისაც და იუჯინისთვისაც ეს იყო უმთავრესი. მჯერა, იეჰოვა მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოებს და კვლავ გავიხარებთ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთთან შეხვედრით (იოანე 5:28, 29).

a სარაიონო ზედამხედველი კრებებს ინახულებს, ხოლო წარსულში საოლქო ზედამხედველი რაიონებს ინახულებდა და სარაიონო კონგრესებზე მოხსენებებს წარმოთქვამდა.

b კამილა როზამი ამ სტატიის მომზადებისას, 2022 წლის მარტში, 94 წლის ასაკში, გარდაიცვალა.