არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეგვიძლია ვასიამოვნოთ ღმერთს?

შეგვიძლია ვასიამოვნოთ ღმერთს?

წაგიკითხავთ ბიბლიური პერსონაჟების მისამართით წარმოთქმული საქებარი სიტყვები და გიფიქრიათ, რომ მათნაირები ვერასოდეს გახდებით ან, რომ ვერ იქნებით უბიწო და ალალმართალი, რადგან ყოველთვის არ გამოგდით სწორად მოქცევა?

იობი „უმწიკვლო, მართალი“ კაცი იყო (იობი 1:1, სქოლიო)

ბიბლიაში პატრიარქ იობს „უბიწო და მართალი“ კაცი ეწოდება (იობი 1:1, სქოლიო). ლოტს კი — „მართალი კაცი“ (2 პეტრე 2:8). ხოლო დავითზე ნათქვამია, რომ „იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო“ ღვთის თვალში (1 მეფეები 14:8). მოდი, უფრო ახლოს გავეცნოთ მათ ცხოვრებას, საიდანაც დავინახავთ, რომ 1) ისინი უშვებდნენ შეცდომებს, 2) ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მათგან და 3) არასრულყოფილ ადამიანს შეუძლია ასიამოვნოს ღმერთს.

ისინი უშვებდნენ შეცდომებს

„[ღმერთმა] კანონის უგულებელმყოფელთა თავაშვებულობით გაწამებული მართალი ლოტი კი დაიხსნა“ (2 პეტრე 2:7)

იობს სერიოზული განსაცდელების ატანა მოუწია, რომლებიც ერთი შეხედვით უსამართლო ჩანდა. მან არასწორად დაასკვნა, რომ ღვთისთვის სულერთი იყო შეინარჩუნებდა თუ არა ის ერთგულებას (იობი 9:20—22). იობი იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ სიმართლეში, რომ სხვებს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს ის თავს ღმერთზე მართლად თვლიდა (იობი 32:1, 2; 35:1, 2).

ლოტი აყოვნებდა მარტივი და სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ის ძალიან წუხდა და იტანჯებოდა კიდეც სოდომისა და გომორას მოსახლეობის აღვირახსნილი ცხოვრების წესის გამო (2 პეტრე 2:8). ღმერთმა ლოტს უთხრა, რომ ამ ბოროტებით სავსე ქალაქების განადგურება ჰქონდა გადაწყვეტილი. მან ლოტსა და მის ოჯახს გადარჩენის შესაძლებლობა მისცა. ალბათ, წარმოგიდგენიათ ლოტის საწუხარი — მას პირველს უნდა დაეტოვებინა ქალაქი. ასეთ კრიტიკულ მომენტში, მას გაუჭირდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. ამიტომ ღმერთმა ლოტისა და მისი ოჯახის გადასარჩენად ანგელოზები გაგზავნა, რომლებმაც ხელი ჩაჰკიდეს მათ და ქალაქიდან უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს (დაბადება 19:15, 16).

ღმერთმა დავითზე თქვა: „მთელი გულით მომყვებოდა, იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო ჩემს თვალში“ (1 მეფეები 14:8)

დავითმა თავშეკავება ვერ გამოავლინა და სხვის ცოლთან იმრუშა. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ მან ცოდვის დასაფარავად იმ ქალის ქმარი მოაკვლევინა (მე-2 სამუელის მე-11 თავი). ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „არ მოეწონა იეჰოვას დავითის საქციელი“ (2 სამუელი 11:27).

იობი, ლოტი და დავითი შეცდომებს უშვებდნენ, ზოგჯერ სერიოზულსაც კი. მაგრამ, როგორც დავინახავთ, მათ მთელი გულით ეწადათ ღვთის მსახურება და მისადმი მორჩილება. ისინი მზად იყვნენ, მოენანიებინათ თავიანთი შეცდომები და გამოსწორებულიყვნენ. სწორედ ამიტომ იყო ღმერთი მათდამი კეთილგანწყობილი. მთლიანობაში ბიბლია მათ ერთგულ მამაკაცებად მოიხსენიებს.

რა შეგვიძლია ვისწავლოთ?

როგორც არასრულყოფილები, შეცდომების ჩადენას ვერ ავერიდებით (რომაელები 3:23). მაგრამ, როცა შეცდომები მოგვდის, უნდა მოვინანიოთ და გამოვასწოროთ ჩვენი დანაშაული.

როგორ შეძლეს იობმა, ლოტმა და დავითმა შეცდომების გამოსწორება? იობს უმწიკვლო გული ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა დაანახვა, რომ ცდებოდა, იობმა შეიცვალა აზროვნება და უკან წაიღო თავისი სიტყვები (იობი 42:6). ლოტს სოდომელებისა და გომორელების საქციელზე ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდა, როგორიც ღმერთს. მისი შეცდომა ის იყო, რომ დაუყოვნებლივ არ იმოქმედა. თუმცა საბოლოოდ მან დატოვა გასანადგურებლად გამზადებული ქალაქები, რითაც თავი დააღწია ღვთის რისხვას. ის დაემორჩილა გაფრთხილებას და უკან არ მიუხედავს. მართალია, დავითმა ღვთის კანონის დარღვევით სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ ყველაფერი აღიარა, გულწრფელად მოინანია და ღმერთს წყალობა სთხოვა (51-ე ფსალმუნი).

ღმერთმა ამ მამაკაცების მიმართ კეთილგანწყობილება გამოავლინა, რადგან მას კარგად ესმის არასრულყოფილი ადამიანის შეზღუდული მდგომარეობა. ღმერთმა „კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:14). თუ ღმერთს ესმის, რომ შეცდომების ჩადენას ვერსად გავექცევით, მაშ, რას მოელის ის ჩვენგან?

ღმერთმა „კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:14)

როგორ შეუძლია არასრულყოფილ ადამიანს, ასიამოვნოს ღმერთს?

დავითის მიერ სოლომონისთვის მიცემული რჩევიდან ვიგებთ, თუ როგორ შეგვიძლია ვასიამოვნოთ ღმერთს. მან თავის ძეს შემდეგი სიტყვები უთხრა: „შენ კი, ჩემო შვილო, სოლომონ, იცნობდე მამაშენის ღმერთს და მთელი გულით . . . ემსახურე მას“ (1 მატიანე 28:9). რას ნიშნავს მთელი გულით მსახურება? ეს ნიშნავს, გვიყვარდეს ღმერთი და გვსურდეს მისი ნების შესრულება, გვწყუროდეს ღვთის მსახურება და მზად ვიყოთ მორჩილებისა და გამოსწორებისთვის. რა თქმა უნდა, მთელი გულით მსახურება სრულყოფილად მოქმედებას არ ნიშნავს. სწორედ ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამო ამბობს ბიბლია დავითზე, რომ „იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო“ ღვთის თვალში, ხოლო იობს „უმწიკვლოს“, ლოტს კი „მართალ“ კაცს უწოდებს. მართალია, ამ მამაკაცებმა შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მათ შეძლეს ღვთის გულის გახარება.

მთელი გულით მსახურება ნიშნავს, გვსურდეს ღვთის ნების შესრულება და გვქონდეს იმის ძლიერი სურვილი, ვემსახუროთ და დავემორჩილოთ მას

თუ ჩვენდა უნებურად ცუდი აზრები მოგვდის, ისეთ რამეს ვამბობთ, რაც უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებს ან ისეთ რამეს ვაკეთებთ, რასაც მოგვიანებით ვნანობთ, ამ ადამიანების მაგალითები სწორად მოქცევაში დაგვეხმარება. ღმერთს ესმის, რომ ამ ქვეყნიერებაში სრულყოფილებას ვერ მივაღწევთ. თუმცა ის ჩვენგან მოელის, რომ შევიყვარებთ და დავემორჩილებით მას. თუ მთელი გულით ვემსახურებით ღმერთს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევძლებთ ვასიამოვნოთ მას.