არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რა უპირატესობით სარგებლობდა პავლე მოციქული, როგორც რომის მოქალაქე?

პავლემ განაცხადა: „კეისართან ვასაჩივრებ!“

რომის მოქალაქეობა ადამიანს გარკვეულ უფლებებსა და უპირატესობებს ანიჭებდა მთელ რომის იმპერიაში. რომის მოქალაქე ექვემდებარებოდა რომის კანონს და არა პროვინციული ქალაქების კანონებს. ბრალის დადების შემთხვევაში მას შეეძლო, დათანხმებოდა, გაესამართლებინათ ადგილობრივი კანონით, თუმცა უფლება ჰქონდა, მისი საქმე რომის ტრიბუნალს მოესმინა. სასიკვდილო განაჩენის შემთხვევაში კი შეეძლო იმპერატორთან გაესაჩივრებინა.

ძვ. წ. პირველ საუკუნეში მცხოვრები რომის პოლიტიკური მოღვაწე ციცერონი რომაელთა უფლებების თაობაზე წერდა: „რომაელის დაპატიმრება დანაშაულია, მისთვის ზიანის მიყენება დიდი ბოროტება, სიკვდილით დასჯა კი — მშობლის ან ახლო ნათესავის მოკვლის ტოლფასი“.

მოციქული პავლე მთელ რომის იმპერიაში აქტიურად ქადაგებდა. ბიბლიაში ვხვდებით სამ შემთხვევას, როცა მან რომის მოქალაქის უფლებები გამოიყენა: 1) მან ფილიპელ სახელმწიფო მოხელეებს შეატყობინა, რომ სცემეს, რითაც მისი უფლებები დაირღვა. 2) როცა იერუსალიმში გაშოლტვა დაუპირეს, მან განაცხადა, რომ რომაელი იყო და ცემას გადაურჩა. 3) მან კეისრის სამსჯავრო მოითხოვა, რათა მისი საქმე უშუალოდ კეისარს, რომის იმპერატორს, მოესმინა (საქმეები 16:37—39; 22:25—28; 25:10—12).

რა გასამრჯელოს იღებდნენ მწყემსები ბიბლიურ დროში?

ცხვრებისა და თხების ნასყიდობის ხელშეკრულება; შესრულებულია დაახლ. ძვ. წ. 2050 წელს თიხის ფირფიტაზე ლურსმული დამწერლობით

პატრიარქი იაკობი 20 წელი ბიძამისის, ლაბანის, ფარას მწყემსავდა. 14 წელი ის ლაბანს ორი ქალიშვილისთვის ემსახურებოდა, დანარჩენი 6 წელი კი გასამრჯელოდ შინაურ პირუტყვს იღებდა (დაბადება 30:25—33). ჟურნალ „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვაში“ ნათქვამია: „მწყემსობის თაობაზე დადებული ხელშეკრულებები, მაგალითად ისეთი, როგორიც ლაბანსა და იაკობს შორის დაიდო, კარგად იქნებოდა ცნობილი ბიბლიის დამწერთა და მკითხველთათვის“.

ნუზიში, ლარსაში და დღევანდელი ერაყის სხვა ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს უძველესი ასეთი ხელშეკრულებები. ჩვეულებრივ, ხელშეკრულება მწყემსთან იდებოდა ცხვრის პარსვის დროს და ძალაში იყო მეორე პარსვამდე. მწყემსების პასუხისმგებლობაში შედიოდა კონკრეტული რაოდენობის საქონელზე ზრუნვა, რომელთა ასაკი და სქესი მითითებული იყო ხელშეკრულებაში. ერთი წლის შემდეგ პატრონი იღებდა მატყლს, რძის პროდუქტებსა და მოგებულ საქონელს. მათი რაოდენობა ხელშეკრულებაში მითითებულ მინიმალურ ზღვარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. დანარჩენი მოგება მწყემსს რჩებოდა.

ფარის ზრდა იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენი დედალი ცხვარი ჰყავდა მწყემსს მიბარებული. როგორც წესი, 100 დედალი ცხვრის პატრონი იმედოვნებდა, რომ ნამატი 80 ბატკანი მაინც იქნებოდა. ნებისმიერი დანაკარგი ან ზარალი მწყემსს უნდა აენაზღაურებინა. ამიტომ ის ცდილობდა, რომ მიბარებული ფარისთვის კარგად მოევლო.