არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | შესტკივა ღმერთს გული თქვენზე?

ღმერთს ესმის თქვენი

ღმერთს ესმის თქვენი

„იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ“ (ფსალმუნი 139:1)

„შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი“ (ფსალმუნი 139:16)

რატომ ეპარება ზოგს ეჭვი: მრავალი ფიქრობს, რომ ღმერთი ადამიანებს ცოდვილებად და უწმინდურებად მიიჩნევს, რის გამოც ისინი არ იმსახურებენ მის ყურადღებას. დეპრესიით დატანჯული კენდრა თავს დამნაშავედ გრძნობდა, რადგან ფიქრობდა, რომ სრულყოფილად ვერ აკმაყოფილებდა ღვთის მოთხოვნებს. ის იქამდეც კი მივიდა, რომ ლოცვა საერთოდ შეწყვიტა.

რას გვასწავლის ბიბლია: იეჰოვას კარგად ესმის ჩვენი არასრულყოფილება და იცის, როგორი ადამიანები ვართ სინამდვილეში. ბიბლიაში წერია: „მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“. უფრო მეტიც, „ჩვენი ცოდვებისამებრ“ არ გვექცევა, არამედ გვპატიობს, თუ მთელი გულით ვინანიებთ (ფსალმუნი 103:10, 14).

გავიხსენოთ პირველ სტატიაში მოხსენიებული ისრაელის მეფე დავითი. ლოცვაში მან ღმერთს უთხრა: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა . . . გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული“ (ფსალმუნი 139:16, 23). დიახ, დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა დაინახავდა მის მომნანიე გულს, მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგჯერ სერიოზულ ცოდვებსაც სჩადიოდა.

იეჰოვას ყველაზე უკეთ ესმის თქვენი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7). ღმერთს ესმის, რატომ იქცევით ზოგჯერ არასწორად, რადგან ითვალისწინებს მემკვიდრეობით ფაქტორებს, იმას, თუ როგორ აღიზარდეთ და იმასაც, რა გარემოში გიწევთ ცხოვრება. მან კარგად იცის, როგორები ხართ სინამდვილეში. ღმერთი ხედავს და აფასებს თქვენს მცდელობას, იყოთ კარგი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეცდომებს უშვებთ.

საინტერესოა, როგორ იყენებს ღმერთი ამ ცოდნას თქვენ სანუგეშებლად?