არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა!“

„წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა!“

დაუახლოვდით ღმერთს

„წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა!“

ვინმეს რომ ეთხოვა თქვენთვის, ერთი სიტყვით აღგეწერათ იეჰოვა ღმერთი — მისი პიროვნება და ბუნება — რომელ სიტყვას მიუსადაგებდით? ძვ. წ. VIII საუკუნეში წინასწარმეტყველ ესაიას ჰქონდა ხილვა. მან ამ ხილვაში მოისმინა, როგორ ადიდებდნენ სულიერი ქმნილებები იეჰოვას სიტყვებით „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა“. სიწმინდე ღვთის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ესაიას მიერ ნანახი და მოსმენილი მოწიწებით განგვაწყობს იეჰოვას მიმართ და კიდევ უფრო გვაახლოებს მასთან. განვიხილოთ ესაიას 6:1—3 და ამ მუხლების განხილვისას წარმოიდგინეთ, რომ თქვენც იქ ხართ.

რა იხილა ესაიამ? წინასწარმეტყველი ამბობს: „ვიხილე დიდებულ და ამაღლებულ ტახტზე მჯდომი იეჰოვა“ (მუხლი 1). ესაიას პირდაპირი გაგებით არ უხილავს უზენაესი უფალი იეჰოვა. ჩვენ არ შეგვიძლია ფიზიკური თვალებით სულიერი სამყაროს დანახვა. ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:18). რასაც ესაია ხედავდა, ეს მხოლოდ ხილვა იყო. * მაგრამ ეს ხილვა იმდენად რეალური იყო, რომ ესაია შიშმა მოიცვა — თითქოს მართლა ხედავდა იეჰოვას.

შემდეგ ესაია ისეთ რამეს ხედავს, რაც, ალბათ, არც ერთ ადამიანს არასდროს უნახავს. იგი წერს: „სერაფიმები იდგნენ მის [იეჰოვას] ზემოთ. თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა; ორით სახეს იფარავდა, ორით — ფეხებს, ორითაც დაფრინავდა“ (მუხლი 2). სერაფიმები არიან მაღალი რანგის სულიერი ქმნილებები. მხოლოდ ესაია მოიხსენიებს ბიბლიაში სერაფიმებს. ისინი ყოველთვის მზად არიან, გააკეთონ ის, რაც იეჰოვას სურს. სერაფიმები სახესა და ფეხებს იფარავენ, რითაც ღრმა მოწიწებასა და პატივისცემას ავლენენ მის მიმართ, ვინც მათ მისი მსახურების უფლებას აძლევს.

ესაიას შიშნარევი მოწიწების გრძნობა არა მხოლოდ ნანახის, არამედ მოსმენილის გამოც გაუჩნდა. სერაფიმების ზეციერი გუნდი სიმღერით ხოტბას ასხამს იეჰოვას. ესაია წერს: «ერთი მეორეს გასძახოდა: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი!“» (მუხლი 3). „წმინდად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა სისუფთავისა და სისპეტაკის მნიშვნელობას ატარებს. ეს სიტყვა აგრეთვე „ცოდვისგან სრულ თავისუფლებასა და შორს დგომას“ ნიშნავს. როგორც გუნდის მიერ ხდება ხოლმე სიმღერის მონაცვლეობით შესრულება, ისე სერაფიმები სიმღერის დროს სიტყვა „წმინდას“ მონაცვლეობით იმეორებენ სამჯერ, რითაც ხაზს უსვამენ იეჰოვას აღმატებულ სიწმინდეს (გამოცხადება 4:8). როგორც დავინახეთ, სიწმინდე იეჰოვას ბუნების განუყოფელი ნაწილია. იეჰოვა აბსოლუტური გაგებით წმინდა, სუფთა და შეუბღალავია.

ამის ცოდნამ უნდა აღგვძრას, რომ დაუახლოვდეთ იეჰოვას. მიწიერი მმართველებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიძლება გახრწნას ძალაუფლებამ, იეჰოვას არაფერი აქვს საერთო ცოდვასთან. მისი სიწმინდე იმის გარანტიაა, რომ იგი ყოველთვის იდეალური მამა, სამართლიანი მმართველი და მიუკერძოებელი მოსამართლე იქნება. ჩვენ ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ღმერთი, რომლის ბუნების განუყოფელი ნაწილია სიწმინდე, არასდროს გაგვიცრუებს იმედს.

დეკემბერში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

ესაია 1—23

[სქოლიო]

^ აბზ. 2 „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ ახსნილია: „როდესაც ადამიანი ღვთისგან ხილვას მღვიძარე მდგომარეობაში ხედავს, ამ დროს მის ცნობიერებაზე ხდება ზემოქმედება. ეს ხილვა იმდენად ებეჭდება მას გონებაში, რომ შეუძლია მისი გახსენება, აღწერა ან საკუთარი სიტყვებით მისი დაწერა“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 26 გვერდზე]

იეჰოვას სიწმინდე აღგვძრავს, რომ დაუახლოვდეთ მას