არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რამდენად რეალურია, რომ ვიყოთ კმაყოფილები?

რამდენად რეალურია, რომ ვიყოთ კმაყოფილები?

რამდენად რეალურია, რომ ვიყოთ კმაყოფილები?

„კმაყოფილება ღარიბს ამდიდრებს, უკმაყოფილება კი მდიდარს აღარიბებს“ (ბენჯამინ ფრანკლინი).

ამ ანდაზისა არ იყოს, ბევრი მიხვდა, რომ კმაყოფილებას ფულით ვერ იყიდი. გასაკვირი არ არის, რომ კმაყოფილების მიღწევა ანუ სიამოვნების შინაგანი განცდა, შეუძლებელი ჩანს მსოფლიოში, რომელიც მომხვეჭელობისა და მწვერვალების დაპყრობისკენ გვიბიძგებს და მოგვიწოდებს, სხვებს არ ჩამოვრჩეთ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენზეც ხომ არ ახდენს გავლენას?

• რეკლამის მწარმოებლებისგან გამუდმებით გვესმის, რომ თუ გვინდა კმაყოფილი ვიყოთ, მათი პროდუქცია უნდა შევიძინოთ.

• სამსახურებსა თუ სკოლებში არსებული კონკურენცია გვიბიძგებს, საკუთარი თავი სხვებს შევადაროთ.

• ადამიანები ნაკლებად აფასებენ იმას, რასაც მათთვის აკეთებენ.

• ჩვენში შურის გრძნობა რომ გამოიწვიონ, მეგობრები ტრაბახობენ იმით, რაც აქვთ.

• უპასუხოდ რჩება ის უმნიშვნელოვანესი კითხვები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ეხება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, რამდენად რეალურია კმაყოფილების მიღწევა? მოციქულმა პავლემ იცოდა, რაში იყო კმაყოფილების საიდუმლო. ზოგჯერ ის სიუხვეში ცხოვრობდა, ზოგჯერ — სიდუხჭირეში. მეგობრები აფასებდნენ მას, სხვები კი დასცინოდნენ. მიუხედავად ამისა, მან თქვა: „ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო“ (ფილიპელები 4:11, 12, კურსივი ჩვენია).

კმაყოფილება უცხოა მათთვის, ვისაც არასოდეს უცდია მისი მიღწევა. მაგრამ როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, კმაყოფილების მიღწევას სწავლა სჭირდება. ახლა გიწვევთ, ერთად განვიხილოთ ხუთი ბიბლიური რჩევა, რომელიც კმაყოფილების მიღწევაში დაგვეხმარება.