არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

როგორ შეძლო ერთმა მამაკაცმა თამბაქოსა და მარიხუანისთვის თავის დანებება, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ეწეოდა? როგორ ჩამოშორდა ერთი ახალგაზრდა ბანდას, როგორ მოიშორა ფეთქებადი ხასიათი და როგორ დაძლია რასობრივი სიძულვილი? ვნახოთ, რას ამბობენ ისინი თავიანთ ცხოვრებაზე.

ზოგადი მონაცემები

სახელი, გვარი: ჰაინრიხ მაარი

ასაკი: 38

ქვეყანა: ყაზახეთი

წარსული: მარიხუანისა და თამბაქოს აქტიური მომხმარებელი

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე ყაზახეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ტაშკენტიდან 120 კილომეტრის მოშორებით. იქ მშრალი და ცხელი ზაფხული იცის, ზოგჯერ ტემპერატურა +45°C აღწევს, ზამთარში კი -10°C-მდე ეცემა. ასეთი პირობები იდეალური იყო ყურძნისა თუ კანაფის მოსაყვანად.

ჩემი მშობლები წარმოშობით გერმანელები იყვნენ. ორივენი ევანგელისტურ ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ. ისინი არ იყვნენ მრევლის აქტიური წევრები, თუმცა „მამაო ჩვენო“ ზეპირად მასწავლეს. 14 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა და ჩემმა უფროსმა დამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. მათ ერთხელ დედას მის ძველ ბიბლიაში ღვთის სახელი, იეჰოვა, აჩვენეს, რამაც ძალიან გამაოცა. სამწუხაროდ, დედაჩემმა ბიბლიის სწავლა შეწყვიტა და მეც სულიერი საკითხებისადმი ინტერესი გამინელდა. ერთხელ გაკვეთილზე მასწავლებელმა ეგრეთ წოდებული იეჰოვას მოწმეების სექტის შესახებ არაერთი სიცრუე თქვა. ვინაიდან ჩემს დასთან ერთად იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე უკვე რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი, მასწავლებელს ვუთხარი, რომ სიმართლეს არ ამბობდა.

15 წლისა ვიყავი, როცა სასწავლებლად ლენინგრადში, ამჟამინდელ სანკტ-პეტერბურგში გამგზავნეს. ჩემს თანაოთახელებს ვუყვებოდი, რაც იეჰოვას შესახებ ვიცოდი, თუმცა ცოტა ხანში სიგარეტის მოწევა დავიწყე. როცა ყაზახეთში ჩავდიოდი ადვილად ვშოულობდი მარიხუანას, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით იკრძალებოდა. გარდა ამისა, ძალიან ბევრ არაყსა და სახლში დაყენებულ ღვინოს ვსვამდი.

პროფტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ორი წლით საბჭოთა არმიაში გამიწვიეს. ღვთის შესახებ ბავშვობაში მოსმენილი არ მავიწყდებოდა. როგორც კი შესაძლებლობა მომეცემოდა, ჯარისკაცებს იეჰოვაზე ვესაუბრებოდი და თუ ვინმე მოწმეებზე სიცრუეს იტყოდა, ვიცავდი.

სამხედროდან დაბრუნების შემდეგ გერმანიაში გადავსახლდი. ემიგრანტთა ბანაკში ყოფნის დროს ხელში ჩამივარდა იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემული ბიბლიის შესწავლაში დამხმარე წიგნი. დიდი ინტერესით წავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ჭეშმარიტება იყო. მაგრამ თამბაქოსა და მარიხუანას თავს ვერ ვანებებდი. ცოტა ხანში ქალაქ კარლსრუკის მახლობლად გადავედი საცხოვრებლად. იქ შევხვდი ერთ იეჰოვას მოწმეს, რომელმაც ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: დიდი ხნის განმავლობაში მჯეროდა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვა იყო. ბიბლიის შესასწავლი სახელმძღვანელოს წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავინახე, რომ ის ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხობდა, თუმცა დიდი დრო დამჭირდა ცხოვრების წესის შესაცვლელად. ბოლოს, როგორც იქნა, 2 კორინთელების 7:1-მა გამომაფხიზლა და გადავწყვიტე, განვწმენდილიყავი „ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“, ეს კი მარიხუანისთვისა და თამბაქოსთვის თავის დანებებას ნიშნავდა.

მარიხუანას მალე დავანებე თავი, მაგრამ ექვსი თვე დამჭირდა, თამბაქოს წევა რომ მიმეტოვებინა. ერთ დღეს იეჰოვას მოწმემ, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა, მკითხა, რა იყო ჩემი ცხოვრების აზრი. ამ კითხვამ ძალიან დამაფიქრა. მანამდე არაერთხელ ვცადე, წევისთვის თავის დანებება, მაგრამ ამაოდ. ახლა კი გადავწყვიტე, სანამ სიგარეტზე ხელი წამიცდებოდა, მანამდე მელოცა და არა მოწევის შემდეგ. 1993 წელს კონკრეტული დღე ავირჩიე, როცა წევას თავს დავანებებდი. იეჰოვას დახმარებით მას შემდეგ სიგარეტისკენ აღარც კი გამიხედავს.

კურთხევები: ახლა თამბაქოსა და მარიხუანაში აღარ ვყრი ფულს და ჯანმრთელობასაც ვინარჩუნებ. ამჟამად იეჰოვას მოწმეთა გერმანიის ფილიალში მოხალისედ ვმსახურობ. მიხარია, რომ ბიბლიური სიბრძნე ცხოვრებაში გამოვიყენე. ბიბლიურმა სწავლებებმა ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინა.

ზოგადი მონაცემები

სახელი, გვარი: ტიტუს შენგადი

ასაკი: 43

ქვეყანა: ნამიბია

წარსულში: ბანდის წევრი

მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე ჩრდილოეთ ნამიბიაში მდებარე ოჰანგვენის ერთ-ერთ სოფელში. ჩემმა თანასოფლელებმა გასული საუკუნის 80-იან წლებში მომხდარი ომის დროს დიდი უბედურება გადაიტანეს; არეულობის დროს მათ სცემდნენ და ხოცავდნენ. ჩემს სოფელში ვაჟკაცად იმას თვლიდნენ, ვინც კარგად ჩხუბობდა და მეც კარგი დამრტყმელი გავხდი.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძაჩემთან გადავედი საცხოვრებლად სვაკოპმუნდის სანაპირო ქალაქში. იქ მალე ახალგაზრდული ბანდის წევრი გავხდი. ვარბევდით იმ სასტუმროებსა და ბარებს, სადაც შავკანიანებს ცუდად ეპყრობოდნენ. რამდენჯერმე დაცვისა და პოლიციის თანამშრომლებთანაც მოგვიხდა შეტაკება. ყოველ ღამე გრძელი ბასრი დანით შეიარაღებული დავდიოდი და ვინც გზაზე გადამეყრებოდა, თავს ვესხმოდი.

ერთ ღამეს სხვა ბანდის წევრებთან შეტაკებისას კინაღამ მომკლეს. იმ ბანდის ერთ-ერთი წევრი უკნიდან მომეპარა, ის-ის იყო თავში ჩარტყმას მიპირებდა, რომ ჩემმა თანაბანდელმა დაინახა, დაჰკრა მას და მიწაზე გააგორა. მიუხედავად იმისა, რომ ბეწვზე გადავრჩი, კვლავინდებურად ვიქცეოდი. თუ ვინმესთან უთანხმოება მომივიდოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა კაცი იყო თუ ქალი, მაშინვე მუშტი-კრივზე გადავდიოდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: როდესაც პირველად შევხვდი იეჰოვას მოწმეებს, ერთ-ერთმა მათგანმა 37-ე ფსალმუნიდან რამდენიმე მუხლი ამომიკითხა და მითხრა, რომ ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“ მომავალზე სხვა დაპირებებიც ეწერა. ვინაიდან არ მითხრა, კონკრეტულად სად ეწერა ამ დაპირებების შესახებ, თვითონ ვიშოვე ბიბლია და ერთ ღამეში წავიკითხე წიგნი „გამოცხადება“. ძალიან მომეწონა გამოცხადების 21:3, 4-ში ჩაწერილი დაპირება: „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“. როდესაც მოწმეებმა კვლავ მომაკითხეს, ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი.

ძალიან გამიჭირდა აზროვნებისა და ცხოვრების წესის შეცვლა. საქმეების 10:34, 35-დან გავიგე, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“. ყველანაირად ვცდილობდი, გამეთვალისწინებინა რომაელების 12:18-ში ჩაწერილი სიტყვები: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“.

ფეთქებადი ხასიათი უნდა შემეცვალა და თამბაქოსთვისაც თავი უნდა დამენებებინა. ხშირად თვალცრემლიანი შევღაღადებდი იეჰოვას დახმარებისთვის. პირველ ხანებში ჯერ სიგარეტს მოვწევდი ხოლმე და შემდეგ ვამბობდი, რომ ეს ჩემი ბოლო ღერი იქნებოდა, მერე კი იეჰოვას ვთხოვდი დახმარებას. მოწმემ, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა, დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, სიგარეტის აღებამდე მელოცა; მწეველებისგანაც თავი შორს უნდა დამეჭირა. მოგვიანებით გავითვალისწინე რჩევა და ჩემს თანამშრომლებს ავუხსენი, რამდენად მავნებელი იყო სიგარეტის წევა. ამის შემდეგ თანამშრომლები აღარ მთავაზობდნენ სიგარეტს.

როგორც იქნა, სიგარეტს თავი დავანებე და ცხოვრების წესიც შევიცვალე. შესწავლის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.

კურთხევები: დავინახე, რომ სხვადასხვა რასისა და წარმოშობის ადამიანებს უყვარდათ ერთმანეთი და დავრწმუნდი, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგია ჭეშმარიტია. ჯერ მონათლულიც კი არ ვიყავი, რომ ერთმა თეთრკანიანმა მოწმემ სახლში სავახშმოდ დამპატიჟა. თავი სიზმარში მეგონა, რადგან მანამდე არასოდეს ვმჯდარვარ მშვიდად თეთრკანიანის გვერდით, რომ აღარაფერი ვთქვათ მასთან ერთად ვახშმობაზე. დღეს ამ საძმოს წევრი ვარ.

სანამ იეჰოვას მოწმე გავხდებოდი, დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები ყველანაირად ცდილობდნენ, აზროვნება და ცხოვრების წესი შემეცვალა, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ ბიბლიამ, ღვთის სიტყვამ შეძლო ჩემი შეცვლა და დღეს მე ბედნიერი კაცი ვარ.

[ჩანართი 29 გვერდზე]

„ხშირად თვალცრემლიანი შევღაღადებდი იეჰოვას დახმარებისთვის“