არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო!“

„რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო!“

იეჰოვას ქმნილებათა დიდებულება

„რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო!“

სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, ქალაქსა თუ სოფელში, მთასა თუ ბარში, თუ ზღვის სანაპიროზე, ჩვენ გარშემო ყოველივე მოწიწების მომგვრელ ქმნილებათა დიდებულებაზე მეტყველებს. სწორედ ამიტომ, იეჰოვას მოწმეების 2004 წლის კალენდარი იეჰოვას საოცარი შემოქმედების პანორამას წარმოგვიდგენს.

მადლიერი ადამიანები ყოველთვის აკვირდებოდნენ ღვთის შემოქმედებას. მაგალითად, გავიხსენოთ სოლომონი, რომლის „სიბრძნე აღემატებოდა აღმოსავლელთა მთელს სიბრძნეს“. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სოლომონი „ლაპარაკობდა ხეებზე — ლიბანის ნაძვიდან დაწყებული უსუპამდე, კედელზე რომ იზრდება; ლაპარაკობდა ცხოველებზე და ფრინველებზე, ქვემძრომებზე და თევზებზე“ (3 მეფეთა 4:30, 33). სოლომონის მამა, მეფე დავითი, ხშირად ფიქრობდა ღვთის შედევრებზე. ის აღძრული იყო, აღფრთოვანებით ეთქვა შემოქმედზე: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით“ (ფსალმუნები 103:24) *.

კარგია, თუ ჩვენც ვუკვირდებით ღვთის ქმნილებებს და ვფიქრობთ მათზე. მაგალითად, შეგვიძლია ‘მაღლა აღვაპყროთ თვალები‘ და ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვინ შექმნა ესენი?“ (ესაია 40:26).

რისკენ უნდა აღგვძრას იეჰოვას შემოქმედებაზე დაფიქრებამ? სულ მცირე სამი რამისკენ: 1) ის შეგვახსენებს, დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს სიცოცხლეს, 2) აღგვძრავს, დავეხმაროთ სხვებს, რათა ჩასწვდნენ ღვთის შემოქმედებას და 3) უფრო მეტი გავიგოთ შემოქმედის შესახებ და უფრო მეტი მადლიერება გამოვავლინოთ მისადმი.

ჩვენ, ადამიანები, უფრო მაღალ საფეხურზე ვდგავართ, ვიდრე „უგუნური ცხოველები“, რაც საშუალებას გვაძლევს, დავუკვირდეთ და დავაფასოთ შემოქმედების საოცრებები (2 პეტრე 2:12). ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ გრაციოზული ლანდშაფტი, მოვისმინოთ ჩიტების მელოდიური ჭიკჭიკი. დროისა და ადგილის შეგრძნებით კი შესაძლოა სასიამოვნო წუთების გახსენება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არა გვაქვს იდეალური ცხოვრება, სიცოცხლე ნამდვილად ღირს.

მშობლებს შეუძლიათ დატკბნენ იმის ყურებით, თუ შემოქმედებისადმი ბუნებრივი ლტოლვის შედეგად ბავშვები რა სიხარულს განიცდიან. ბავშვებს ძალიან უყვართ ზღვის ნაპირზე ნიჟარების პოვნა, ცხოველების მოფერება, ხეზე ასვლა. მშობლები უნდა შეეცადონ, რომ პატარებს ქმნილებებში შემოქმედი დაანახონ. იეჰოვას ქმნილებების მიმართ ბავშვობაში ჩანერგილი მოწიწება და პატივისცემა მათ შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეთ (ფსალმუნები 110:2, 10).

თუ მოხიბლულნი ვართ იეჰოვას შემოქმედებით, მაგრამ მას საკადრის პატივს არ მივაგებთ, ამით უმადურობას გამოვავლენთ. ესაიას წინასწარმეტყველება გვეხმარება, დავფიქრდეთ ამაზე: „განა არ იცი და არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება“ (ესაია 40:28).

დიახ, იეჰოვას შემოქმედება მის შეუდარებელ სიბრძნეზე, ძალასა და ჩვენდამი ღრმა სიყვარულზე მეტყველებს. როდესაც ჩვენ გარშემო გამეფებულ სილამაზეს ვხედავთ და მასში შემოქმედის, იეჰოვას, თვისებებს ვამჩნევთ, ამან შესაძლოა აღგვძრას, დავითის სიტყვები გავიმეოროთ: „არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, და არც მსგავსი საქმეთა შენთა“ (ფსალმუნები 85:8).

შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მორჩილი ადამიანები კვლავაც მოიხიბლებიან იეჰოვას შემოქმედებით. მარადიულობის განმავლობაში უსაზღვრო შესაძლებლობები გვექნება, რაც დაგვეხმარება, უფრო მეტი ვისწავლოთ იეჰოვას შესახებ (ეკლესიასტე 3:11). რაც მეტს გავიგებთ ჩვენს შემოქმედზე, მით უფრო შევიყვარებთ მას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 იხილეთ იეჰოვას მოწმეების 2004 წლის კალენდარი, (ნოემბერი/დეკემბერი).

[ჩარჩო 9 გვერდზე]

შემოქმედის განდიდება

ბევრი მადლიერი მეცნიერი შემოქმედებაში ღმერთის ხელს ხედავს. აი ამის დამადასტურებელი რამდენიმე მაგალითი:

«ჩემი სამეცნიერო მუშაობის პერიოდში ყველაზე საინტერესო და სასიხარულო წუთები მაშინ მაქვს, როცა აღმოვაჩენ რაღაც ახალს, და ვამბობ: „აი როგორ შექმნა ღმერთმა ეს“. ჩემი მიზანია, ჩავწვდე ღვთის განზრახვების თუნდაც მცირე ნაწილს», — აღნიშნავს ჰენრი სკიფერი, პროფესორი ქიმიის დარგში.

„კითხვაზე პასუხი, თუ რა არის სამყაროს გაფართოების მიზეზი, მკითხველისთვის მიგვინდია. ჩვენი, მეცნიერების აზრით კი, ამ მიზეზს ღმერთთან მივყავართ“, — ედუარდ მილნი, ინგლისელი ასტროფიზიკოსი.

„ვიცით, რომ ბუნება საუკეთესო მათემატიკური კანონებით აღიწერება იმიტომ, რომ მისი შემქმნელი ღმერთია“, — ალექსანდრე პოლიაკოვი, რუსი მათემატიკოსი.

„ბუნებრივ პროცესებზე დაკვირვების შედეგად ვუფიქრდებით შემოქმედის აზრებს, ვეცნობით მის კონცეფციებს და ინტერპრეტაციას ვუკეთებთ სამყაროში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მან შექმნა და არა ჩვენ“, — ლუი აგასი, ამერიკელი ბიოლოგი.

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

სუბანტარქტიდის პინგვინი, ანტარქტიკის ნახევარკუნძული.

[სურათი 9 გვერდზე]

ეროვნული პარკი გრანდ-ტიტონი, უაიომინგი, აშშ.

[საავტორო უფლება]

Jack Hoehn/Index Stock Photography