არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

უკეთესი ცხოვრების ძიებაში

უკეთესი ცხოვრების ძიებაში

უკეთესი ცხოვრების ძიებაში

ჯორჯი გამოუვალ მდგომარეობაშია. ოჯახის სამყოფ პურის ფულს ვეღარ შოულობს. სამეზობლოში ბევრი ავად ხდება, ბევრს ლუკმა-პური ენატრება. სადღაც სამხრეთით ასობით კილომეტრში მდებარეობს ქვეყანა, სადაც ხალხი გაცილებით უკეთ ცხოვრობს. „წავალ იმ ქვეყანაში, სამუშაოს ვიშოვი და მერე ცოლ-შვილსაც წავიყვან“, — ფიქრობს ჯორჯი.

საზღვარგარეთ წასვლაზე და ახალი ცხოვრების დაწყებაზე პატრიციაც ფიქრობდა. ის უმუშევარი იყო; მის ქვეყანაში განათლების მიღების და უკეთესი ცხოვრების არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ამიტომ გადაწყვიტა, თავის მეგობარ ბიჭთან ერთად ნიგერიიდან ესპანეთში წასულიყო. გზად საჰარის უდაბნო უნდა გაევლოთ; მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა სახიფათო იქნებოდა ეს მგზავრობა. „მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი და მინდოდა, ჩემს შვილს უკეთესი ცხოვრება ჰქონოდა“, — გვიყვება ის.

ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეიჩელი ევროპაში გადასვლაზე ფიქრობდა. ფილიპინებში მან სამსახური დაკარგა; ნათესავები არწმუნებდნენ, რომ საზღვარგარეთ დამლაგებლის სამუშაოს ადვილად იშოვიდა. ასე რომ, ისესხა მგზავრობის ფული, დამშვიდობებისას მეუღლესა და ქალიშვილს უთხრა, მალე გნახავთო და თვითმფრინავში ავიდა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჯორჯის, პატრიციასა და რეიჩელის მსგავსად, დაახლოებით 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლ-კარი და სხვა ქვეყანაში გადავიდა. ზოგი ომს გაექცა, ზოგი სტიქიას, ზოგიც ეთნიკურ, რელიგიურ, თუ სხვა სახის დევნას. თუმცა უმეტესობა ამას ეკონომიკური გაჭირვების გამო აკეთებს. რა პრობლემებს შეიძლება შეხვდნენ ემიგრანტები უცხო ქვეყანაში? ყველამ აიწყო ცხოვრება? რა გრძნობა ეუფლებათ შვილებს, როცა მშობლები ტოვებენ და ფულის საშოვნელად შორს მიდიან? მომდევნო გვერდები ამ კითხვების განხილვას დაეთმობა.

მგზავრობა და ცხოვრების აწყობა

როცა საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ თავად მგზავრობის პროცესი. წინა სტატიაში მოხსენიებულმა ჯორჯმა ასობით კილომეტრი მშიერმა გაიარა. „ეს მგზავრობა ჩემთვის საშინელი კოშმარი იყო“, — იხსენებს ის. სამწუხაროდ, ბევრმა საერთოდ ვერ ჩააღწია დანიშნულების ადგილამდე.

პატრიციას უნდოდა, რომ როგორმე ესპანეთში ჩასულიყო. მან ღია სატვირთო მანქანით გადაკვეთა საჰარის უდაბნო. „ნიგერიიდან ალჟირამდე მგზავრობას ერთი კვირა მოვანდომეთ. მანქანის ძარაზე 25 ადამიანი ერთმანეთზე ვიყავით მიჭყლეტილები. გზაზე ბევრი მომაკვდავი ადამიანი ვნახეთ, სულს რომ ღაფავდა. გვამებიც ბევრი ეყარა. სატვირთო მანქანის ზოგი მძღოლი ისე გულცივად ჩაუვლიდა გზაში უპატრონოდ დაყრილ მგზავრებს, რომ ძარღვიც არ შეუტოკდებოდა“.

ჯორჯისა და პატრიციასგან განსხვავებით, რეიჩელი ევროპაში თვითმფრინავით გადაფრინდა. იქ მას უკვე ელოდა სამუშაო ოჯახის მოსამსახურედ, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, რა ძლიერ მოენატრებოდა თავისი ორი წლის გოგონა. „როცა სადმე დედას თავის პატარასთან ერთად ვხედავდი, ჩემი გოგონა მახსენდებოდა და გული მიკვდებოდა“, — იხსენებს რეიჩელი.

ჯორჯს ძალიან უჭირდა შეგუებოდა სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. თავიდან ის თვეების განმავლობაში ერთ ცენტსაც ვერ უგზავნიდა ოჯახს. „მარტოობისა და იმედგაცრუების გამო, ვინ მოთვლის, რამდენი ღამე ტირილში გამიტარებია“, — ამბობს ის.

ალჟირში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ პატრიციამ მიაღწია მაროკოს საზღვრამდე. იქ იმშობიარა და პატარა გოგონა შეეძინა. „ტრეფიკინგის მსხვერპლი რომ არ გავმხდარიყავი, ვიმალებოდი. ბოლოს, როგორც იქნა, მოვაგროვე იმდენი ფული, რომ ესპანეთში ნავით გადავსულიყავი. ნავი ამდენ მგზავრზე არ იყო გათვლილი და თან კარგადაც არ იყო გამართული. წყალი შემოდიოდა და რომ არ ჩაძირულიყო, ფეხსაცმელებით ვიღებდით წყალს და უკან ვასხამდით. ესპანეთის სანაპიროს რომ მივადექით, ისეთი ქანცგაწყვეტილი ვიყავი, რომ ნაპირზე გადმოსვლის ძალა აღარ მქონდა“.

რა თქმა უნდა, ემიგრანტები გაცილებით მეტ მხარეზე უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე მხოლოდ მგზავრობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. მათ უნდა გაითვალისწინონ კულტურული და ენობრივი ბარიერები, ასევე ხარჯები და კანონთან დაკავშირებული ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება მოქალაქეობისა და მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსის მიღებას. მათ შემთხვევაში, ვისაც ასეთი სტატუსი არ გააჩნია, ხშირად ძნელია სასურველი სამუშაოსა და საცხოვრებლის შოვნა, ასევე განათლებისა და სამედიცინო მომსახურების მიღება. მათ შესაძლოა მართვის მოწმობის აღება და საბანკო ანგარიშის გახსნაც კი გაუჭირდეთ. და როგორც წესი, არალეგალ ემიგრანტებს ექსპლუატაციას უწევენ და სხვებთან შედარებით მცირე თანხასაც უხდიან.

სხვა ფაქტორი უკავშირდება თავად ფულს. არის ფული ყველაფრის გარანტი? ბიბლია ასეთ გაფრთხილებას იძლევა: „სიმდიდრის შეძენას ძალ-ღონეს ნუ შეალევ. საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. თვალს აპყრობ მას? ის ხომ არარაობაა! არწივის ფრთებს შეისხამს და ცაში გაფრინდება“ (იგავები 23:4, 5). აქედან გამომდინარე, ადამიანის ყველაზე აუცილებელ მოთხოვნილებებს — სიყვარულს, ემოციურ სტაბილურობასა და ოჯახის ერთიანობას — ფულით ნამდვილად ვერ ვიყიდით. რა სამწუხაროა, როცა ზოგიერთი მშობელი ფულის შოვნას საკუთარი შვილების სიყვარულსა და „თბილ გრძნობებზე“ წინ აყენებს (2 ტიმოთე 3:1—3).

ადამიანებს სხვა ყველაფერთან ერთად გაგვაჩნია სულიერი მოთხოვნილებებიც (მათე 5:3). ამიტომ მშობლები, რომლებიც გრძნობენ პასუხისმგებლობას, ყველანაირად ცდილობენ, შეასრულონ ღვთისგან ბოძებული ის დავალება, რომელიც შვილების სწავლებას და ღვთის ნორმების თანახმად მათ აღზრდას ითვალისწინებს (ეფესოელები 6:4).

ერთიანი ოჯახი — ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანი

ჯორჯის, რეიჩელისა და პატრიციას შემთხვევებიდან გამოჩნდა, რომ მართალია, ემიგრანტების თავგადასავლები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ყველა მათგანი თითქმის ერთნაირი შედეგებით მთავრდება. როცა მშობელი წლობით მიდის სხვა ქვეყანაში ან ცოლ-ქმარი ერთმანეთს გარკვეული ხნით შორდება, ეს ოჯახისთვის საკმაოდ მტკივნეულია. ჯორჯი ოთხი წელი იყო ოჯახს მოწყვეტილი.

რეიჩელი ფილიპინებში ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა თავისი გოგონას წასაყვანად. პატრიცია ესპანეთში თავის ახალშობილ ბავშვთან ერთად ჩავიდა. „ჩემი გოგონას მეტი ქვეყანაზე არავინ მყავდა და ვცდილობდი, მასზე კარგად მეზრუნა“, — ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ემიგრანტი თავს მარტოდ გრძნობს, ნორმალურ სამუშაოს ვერ შოულობს და ოჯახისგანაც მოწყვეტილია, მაინც რჩება სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. ზოგმა იმდენი იწვალა და იმდენი თანხა დახარჯა საზღვარგარეთ წასასვლელად, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ერიდება უკან დაბრუნება და იმის აღიარება, რომ არაფერი გამოუვიდა.

ფილიპინელმა ალანმა გადალახა ეს ბარიერი. მან ესპანეთში კარგი სამუშაო იშოვა, მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა. „ძალიან მენატრებოდა ჩემი მეუღლე და პატარა გოგონა, ამბობს ის. გადავწყვიტე, რომ ოჯახის გარეშე მარტო აღარსად წავსულიყავი სამუშაოდ. ოჯახი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული“.

პატრიციამ აღმოაჩინა, რომ არსებობს კიდევ სხვა რამ, რაც ფულზე ბევრად მნიშვნელოვანია. მას ესპანეთში ჩასვლისას თან ჰქონდა „ახალი აღთქმა“. „მე ამ წიგნს ისე ვუყურებდი, როგორც თილისმას, ამბობს ის. ესპანეთში გავიცანი ერთი ქალი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. ადრე მოწმეებთან საუბრის სურვილი არ მქონდა. ახლა კი რატომღაც მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ მოწმეები ცდებოდნენ და ამ ქალს ბევრი კითხვა დავუსვი. გამიკვირდა, მაგრამ მან ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამცა ბიბლიიდან“.

საბოლოოდ, პატრიცია მიხვდა, რომ უსასრულო ბედნიერება და მომავლის უტყუარი იმედი იმაზე კი არ არის დამოკიდებული, თუ სად იცხოვრებ და რამდენი ფული გექნება, არამედ იმაზე, იცნობ თუ არა ღმერთს და იცი თუ არა მისი განზრახვები (იოანე 17:3). პატრიციამ ისიც გაიგო, რომ ჭეშმარიტ ღმერთს იეჰოვა ერქვა (ფსალმუნი 83:18). მან საკუთარი თვალით წაიკითხა ბიბლიაში, რომ მალე ღმერთი ყოველგვარ სიღარიბეს მოსპობს თავისი სამეფოს მეშვეობით, რომლის მეფეც იესო ქრისტეა (დანიელი 7:13, 14). „[იესო] დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს“ (ფსალმუნი 72:12, 14).

კარგი იქნება, თუ თქვენც გამოიკვლევთ ბიბლიას. ეს ღვთიური სიბრძნით სავსე წიგნი დაგეხმარებათ ბრძნული გადაწყვეტილების მიღებაში, განსაცდელების სიხარულით ატანაში და იმის განსაზღვრაში, თუ რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი (იგავები 2:69, 20, 21).