არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ლექსიკონი, რომელიც 90 წელი მზადდებოდა

ლექსიკონი, რომელიც 90 წელი მზადდებოდა

იტალიელმა მკვლევარმა 1621 წელს სპარსეთის ძველ ქალაქ პერსეპოლისის ნანგრევებში უცნობი დამწერლობის ნიმუშს მიაგნო. 1800-იან წლებში ერაყში წარმოებული გათხრების დროს არქეოლოგებმა თიხის ფილებზე და სასახლის კედლებზე უამრავი ასეთი ნიმუში აღმოაჩინეს. ეს ტექსტები შესრულებული იყო იმ ენებზე, რომლებზეც ლაპარაკობდნენ შუამდინარეთის მმართველები: სარგონ II, ხამურაბი და ნაბუქოდონოსორ II. ამ ხელნაწერებზე ამოკვეთილი ასოები, რომლებიც წააგავდა ლურსმნის ფორმას, დღეს ლურსმული დამწერლობის სახელით არის ცნობილი.

ამ დამწერლობის წაკითხვის გარეშე შეუძლებელია უძველესი შუამდინარეთის ცივილიზაციის გაცნობა. სწავლულები, რომლებიც აღნიშნული ხელნაწერების გაშიფრვაზე მუშაობდნენ, მიხვდნენ რომ საჭირო იყო აქადური ენის სრული ლექსიკონის შედგენა, რადგან ამ ენასთან ახლოს იყო ასურული და ბაბილონური ენები.

ეს საკმაოდ რთული მისია იკისრა ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებულმა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტმა. საქმეს 90 წელი დასჭირდა, დაიწყო 1921 წელს და დასრულდა 2011 წელს. ეს გრანდიოზული 26-ნაწილიანი ასურული ლექსიკონი 9 700-ზე მეტ გვერდს  შეიცავს. მასში შესულია ის ენები და დიალექტები, რომლებზეც ძვ. წ. 2500 წლიდან ახ. წ. 100 წლამდე ლაპარაკობდნენ ირანში, ერაყში, სირიასა და თურქეთში.

26-ტომიანი ასურული ლექსიკონი 9 700-ზე მეტ გვერდს შეიცავს

რატომ არის ამ ლექსიკონის მოცულობა ასეთი დიდი? რატომ დასჭირდა მის შედგენას ამდენი ხანი? ვისთვის იქნებოდა ის საინტერესო?

რას შეიცავს

„ეს ლექსიკონი არ არის უბრალოდ სიტყვების ჩამონათვალი, — გვიხსნის ჩიკაგოს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გილ სტაინი. — მასში ახსნილია თითოეული სიტყვის წარმოშობის ისტორია და მათი გამოყენების ფართო სპექტრი. ეს უნიკალური წიგნი, ძირითადად, შუამდინარეთის ისტორიის, ლიტერატურის, კანონისა და რელიგიის ენციკლოპედიაა. ეს არის შეუდარებელი საკვლევი ცნობარი ნებისმიერი მეცნიერისთვის, ვინც შუამდინარეთის დამწერლობას სწავლობს“.

წიგნის გამომცემლები დასაწყისშივე შეთანხმდნენ იმაზე, რომ „თითოეული სიტყვის მნიშვნელობის სწორად ასახსნელად ყველა მასალა უნდა შეეგროვებინათ, რაც ამ სიტყვასთან იყო დაკავშირებული. ანუ ისინი მარტო სიტყვების შეგროვებით კი არ უნდა შემოფარგლულიყვნენ, არამედ მოეძიათ ამ სიტყვასთან დაკავშირებული რაც შეიძლება მეტი ტექსტი, რომელიც საჭირო იყო სიტყვის მნიშვნელობის ასახსნელად კონკრეტულ კონტექსტში“. ამგვარად, ეს ლექსიკონი გახდა ციტატებისა და ორიგინალი ლურსმული დამწერლობიდან ნათარგმნ სიტყვათა კრებული.

უამრავმა ლურსმულმა ტექსტმა მხოლოდ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში იხილა მზის შუქი; ეს ტექსტები ბევრ სხვადასხვა საკითხს ეხებოდა. ასურულ-ბაბილონური ანუ აქადური იმ დროისთვის ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო ენად ითვლებოდა. აქვე იქმნებოდა ლიტერატურა, მიმდინარეობდა ვაჭრობა, ისწავლებოდა მათემატიკა, ასტრონომია და მაგია, იწერებოდა კანონები, იქმნებოდა სპეციალობები და ფეხს იკიდებდა რელიგია. აქედან გამომდინარე, არსებული ხელნაწერები ზღვა ინფორმაციას გვაწვდის ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

ეს ხელნაწერები მხოლოდ ჩვენთვის უცნობ ცივილიზაციას არ გვაცნობს. „მათში შესულია ისეთი ტექსტები, რომლებიც ასახავს ჩვეულებრივ ადამიანურ გრძნობებს: შიშს, გაბრაზებას და სიყვარულს, რაც ჩვენთვის სავსებით ნაცნობია“, — შენიშნავს ასირიოლოგი მეთიუ სტოპლერი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც ამ პროექტზე 30 წელი იმუშავა. ის განაგრძობს: „ხელნაწერებში წაიკითხავთ, როგორ იკვეხნიან მეფეები საკუთარი დიდებულებით და როგორ განადიდებენ საკუთარ თავს. აქვე შეხვდებით სხვა ხელნაწერებსაც, რომლებშიც იმავე მეფეებზე ნათქვამია, რომ ისინი სულაც არ იყვნენ დიდებულები“. ქალაქ ნუზიში (დღევანდელი ერაყი) აღმოჩენილ ტექსტებში, რომლებიც 3 500 წლისაა, საუბარია ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა ქვრივის მემკვიდრეობა, მიწის მორწყვა და სახედრის თხოვებაც კი.

დასრულებულია საქმე?

ამ პროექტზე მთელი მსოფლიოს ასირიოლოგები მუშაობდნენ. რამდენიმე ათწლეული დასჭირდა სიტყვების ახსნა-განმარტების შემცველი დაახლოებით 2 000 000 კარტოთეკის ბარათის შექმნას. ლექსიკონის პირველი ტომი 1956 წელს გამოიცა. მას შემდეგ კიდევ 25 ტომი დაიბეჭდა. დღესდღეობით დასრულებული 26-ტომეული 2 000 დოლარად იყიდება, მაგრამ სრული ტექსტის ნახვა სრულიად უფასოდ ინტერნეტშიც შეიძლება.

ლექსიკონის დასრულებას მთლიანობაში 90 წელი დასჭირდა. თუმცა ამ გიგანტურ პროექტზე მომუშავენი ამბობენ, რომ ის მაინც არ არის სრულყოფილი. ამ თემაზე გამოქვეყნებულ ერთ სტატიაში ეწერა: „მათ დღემდე არ იციან ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა და რადგანაც ახალ-ახალ აღმოჩენებს ბოლო არ უჩანს, ეს საქმე ჯერაც არ არის დასრულებული“.