არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ევრო 2012 — ისტორიული მოვლენა

ევრო 2012 — ისტორიული მოვლენა

ევრო 2012 — ისტორიული მოვლენა

გიყვარს კარგი ფეხბურთის ყურება? შენც ხომ არ თამაშობ ფეხბურთს? თუ ასეა, გეცოდინება, რომ წელს ევრო 2012 იმართება, ევროპის პირველობა ფეხბურთში. ღონისძიების ორგანიზატორია უეფა (ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი). განრიგის მიხედვით, პირველი მატჩი გაიმართება ვარშავაში 8 ივნისს, დასკვნითი შეხვედრა კი ჩატარდება კიევში 1 ივლისს. გაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს კონტინენტის პირველობისთვის მზადება? რატომ შეიძლება მას ისტორიული მოვლენა ეწოდოს?

„ისტორიას ვქმნით ერთად“

ევროპის ჩემპიონატი 1960 წლიდან მოყოლებული ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ევროპის არაერთმა ქვეყანამ უმასპინძლა ამ ტურნირს. გაგაცნობთ მასპინძელი ქვეყნების სიას: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, ინგლისი, იტალია, იუგოსლავია, პორტუგალია, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია დაჰოლანდია.

ამ წელს ჩემპიონატს ერთდროულად ორი ქვეყანა, პოლონეთი და უკრაინა უმასპინძლებს. პოლონეთში მატჩები გაიმართება გდანსკში, ვარშავაში, ვროცლავსა და პოზნანში, უკრაინაში კი — დონეცკის, კიევის, ლვოვისა და ხარკოვის სტადიონებზე.

უეფას განცხადებით, „ეს არის მესამე შემთხვევა, როცა ჩემპიონატს ერთდროულად ორი ქვეყანა მასპინძლობს (2000 წელი — ბელგია-ჰოლანდია; 2008 წელი — ავსტრია-შვეიცარია)“. მიუხედავად ამისა, ევრო 2012 მაინც ისტორიულ მოვლენად ითვლება. რა გაგებით? აღნიშნული ღონისძიება ისტორიაში შევა არა მარტო როგორც ორ ქვეყანასა და ტურნირის ორგანიზატორებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის დამადასტურებელი ღონისძიება, არამედ, როგორც ჩემპიონატი, რომელიც პირველად გაიმართება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ერთდროულად. ამიტომ ოფიციალურ სლოგანად შეირჩა სიტყვები: „ისტორიას ვქმნით ერთად“.

სამზადისი

რა თქმა უნდა, ტურნირის ჩასატარებლად პირველ რიგში საჭიროა შესაფერისი სტადიონები. ამ მიზნით პოზნანისა და ხარკოვის სტადიონებზე დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. სხვა ექვს ქალაქში კი ახალი სტადიონები აშენდა. ეს სტადიონები მთლიანობაში 358 000 მაყურებელზეა გათვლილი.

ამდენი გულშემატკივრის მოლოდინში მასპინძელი ქვეყნები ბევრს ფიქრობენ და ბევრს აკეთებენ საიმისოდ, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნეს დაცული. დაცვის ათასობით თანამშრომელმა გაიარა წვრთნა. პოლონეთში გამომავალ ერთ სამეცნიერო ჟურნალში ნათქვამია, რომ „წვრთნა მოიცავს 140 სახეობის სავარაუდო სიტუაციას. მათ შორის უსაფრთხოების ზომების დაცვას სტადიონებზე მასობრივი არეულობის თავიდან ასარიდებლად, უსაფრთხო ზონების შექმნას და თანამშრომლობას სტუმარი გუნდების დაცვის სამსახურებთან“ (Science & Scholarship in Poland).

რატომ არის უსაფრთხოების ასეთი ზომების მიღება საჭირო? ღონისძიების ორგანიზატორებს ესმით, რომ მსგავსი სახის ფართომასშტაბიანი სპორტული მოვლენები ტერორისტების პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს. მათ ასევე იციან, რომ გაღიზიანებული გულშემატკივარი ხშირად გადადის შეტევაზე და მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ხულიგნობისა და ძალადობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა სტადიონებზე ბოლო პერიოდში.

გაწონასწორებული თვალსაზრისი

სამწუხაროდ, როცა საქმე სპორტსა და რომელიმე გუნდის გულშემატკივრობას ეხება, ბევრი ვერ თოკავს თავს და ზღვარს გადადის. „შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება აზრს კარგავს და საშინლად უბედური ვხდები, როცა ჩემი გუნდი აგებს, — ამბობს ერთი გულშემატკივარი. — ალალად გეუბნებით, ბირთვული ომიც რომ დაიწყოს, ყველაზე ძაან იმაზე ვიდარდებ, რომ იმ კვირაში მატჩები არ ჩატარდება“.

ამის საპირისპიროდ, გვინდა ორი სიტყვით შეგახსენოთ ის გაწონასწორებული შეხედულება, რომელსაც სიბრძნის უძველესი წიგნი — ბიბლია — უჭერს მხარს. მასში ნათქვამია, რომ თავის დროზე ყველაფერი ძვირფასი და კარგია და, რომ არის „სიცილის დრო . . . და ცეკვა-თამაშის დრო“ (ეკლესიასტე 3:1—4). ბიბლია ზომიერებისკენაც მოგვიწოდებს (1 ტიმოთე 3:2, 11). აქედან გამომდინარე, როცა საქმე იმას ეხება, თუ რა უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი, გონივრული იქნება, მივყვეთ ბიბლიის რჩევას — დავაკვირდეთ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ და არჩევანი მასზე შევაჩეროთ (ფილიპელები 1:10).

[ჩარჩო⁄სურათი 25 გვერდზე]

ევრო 2012-ზე მოწევა აკრძალულია

2011 წლის 20 ოქტომბერს უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „სტადიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე აიკრძალება თამბაქოს გამოყენება, გაყიდვა და რეკლამირება. აკრძალვა ძალაშია მთელი ჩემპიონატის განმავლობაში“. რატომ იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება? „გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ევრო 2012-ზე მოწევა აიკრძალოს, მიღებულ იქნა იმის გამო, რომ გვინდა გავუფრთხილდეთ მაყურებლისა და ტურნირში მონაწილე სპორტსმენების ჯანმრთელობას“, — განაცხადა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ. ამ ინიციატივას გამოეხმაურა ევროკომისიის წარმომადგენელი ანდრულა ვასილიუ, რომელსაც ევალება მასპინძელი ქვეყნების ქალაქებში და მათ მახლობლად შექმნას არამწეველთა ზონები. ზონათა რიცხვში შედის რესტორნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ვასილიუს კომენტარი: „ფეხბურთი და მთლიანობაში სპორტი ადამიანის ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობას უწყობს ხელს, თამბაქო კი პირიქით. ეს ორი ერთად შეუთავსებელია“.

[რუკა 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

პოლონეთი

ვარშავა

გდანსკი

პოზნანი

ვროცლავი

უკრაინა

ლვოვი

კიევი

ხარკოვი

დონეცკი

[სურათი 24 გვერდზე]

ევრო 2008-ის ფინალი; გერმანია-ესპანეთი (ერნსტ ჰაპელის სტადიონი, ვენა, ავსტრია)

[სურათი 25 გვერდზე]

კიევის ოლიმპიური სტადიონი

[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]

Pages 24 and 25, both photos: Getty Images