არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევა 1 — იკვებეთ სწორად

რჩევა 1 — იკვებეთ სწორად

რჩევა 1 — იკვებეთ სწორად

„მიირთვით, ოღონდ ბევრი არა, თანაც ძირითადად მცენარეული საკვები“. ამ სიტყვებით შეაჯამა ერთ-ერთი კვლევის ავტორმა, მაიკლ პოლანმა მარტივი, მაგრამ დროის მიერ გამოცდილი ჭეშმარიტება. რას გულისხმობდა ის?

მიირთვით ახალი პროდუქტები. მიირთვით „ნამდვილი“, საღი საკვები, რომლითაც ხალხი საუკუნეების განმავლობაში იკვებებოდა, და არა თანამედროვე მზა პროდუქტები. ნახევარფაბრიკატები და სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული საკვები, ჩვეულებრივ, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, მარილსა და ცხიმს, რაც ხელს უწყობს ინსულტის, კიბოს, გულ-სისხლძარღვთა თუ სხვა სერიოზული დაავადებების განვითარებას. ეცადეთ, ცხიმში შეწვის ნაცვლად, საკვები ორთქლზე მოხარშოთ, გამოაცხოთ ან უცხიმოდ შეწვათ. მარილის ნაკლებობა კი მწვანილითა და სანელებლებით აინაზღაურეთ. ხორცი კარგად მოამზადეთ და ნურასდროს შეჭამთ გაფუჭებულ პროდუქტს.

იკვებეთ ზომიერად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში შემაშფოთებლად გაიზარდა ჭარბწონიან და მსუქან ადამიანთა რიცხვი, რაც ხშირ შემთხვევაში გადამეტებული ჭამის შედეგია. როგორც ერთ-ერთი გამოკვლევიდან ჩანს, აფრიკის ზოგიერთ ნაწილში „ჭარბწონიან ბავშვთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე იმ ბავშვთა რიცხვი, რომლებსაც საკმარისი საკვები არა აქვთ“. ჭარბი წონის მქონე ბავშვების შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ადრე თუ გვიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნებათ. ამ პრობლემებიდან ერთ-ერთი შეიძლება იყოს დიაბეტი. ამიტომ მშობლებო, მიეცით მაგალითი შვილებს და შეამცირეთ თქვენი ულუფა!

მიიღეთ ძირითადად მცენარეული საკვები. ბალანსირებულ კვებაში მეტი უპირატესობა ენიჭება ხილს, ბოსტნეულსა და გაუცეხვავ მარცვლოვან პროდუქტებს, ვიდრე ხორცეულსა და სახამებლით მდიდარ საკვებს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ხორცი თევზით ჩაანაცვლეთ. შეამცირეთ მაკარონის, თეთრი პურისა და თეთრი ბრინჯის მიღება, რადგან მათი კვებითი ღირებულება დაბალია. მოერიდეთ სახიფათო მოდურ დიეტებს. მშობლებო, თუ გინდათ, რომ გაუფრთხილდეთ შვილების ჯანმრთელობას, შეაყვარეთ მათ ჯანსაღი საკვები! მაგალითად, ჯობია ბავშვებს სასუსნაოდ თხილეული, კარგად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული მისცეთ, ვიდრე ჩიპსები და კანფეტები.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. დიდებმაც და პატარებმაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით უნდა მიიღონ წყალი თუ სხვა უშაქრო სასმელი, განსაკუთრებით ცხელ ამინდში და მაშინ, როცა მძიმე სამუშაოს ასრულებენ ან ვარჯიშობენ. სითხე გვეხმარება საჭმლის მონელებაში, ორგანიზმიდან შხამების გამოდევნასა და კანის გაჯანსაღებაში. იგი აგრეთვე ხელს უწყობს წონაში კლებას. შედეგად, ადამიანი თავს კარგად გრძნობს და უკეთ გამოიყურება. ნუ მიეძალებით ალკოჰოლსა და შაქრის შემცველ სასმელებს. დღეში ერთი ქილა (330 მლ.) გაზიანი სასმელის მიღების შედეგად წლის ბოლოს შეიძლება დაახლოებით 7 კილოგრამი მოიმატოთ.

ზოგ ქვეყანაში სუფთა წყალი დეფიციტია და ძვირი ღირს, არადა წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელია. დაბინძურებული წყალი უნდა გადადუღდეს ან ქიმიურად დამუშავდეს. დაბინძურებული წყლით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ომებისა და მიწისძვრების შედეგად. მაგალითად, როგორც ამბობენ, დაბინძურებული წყლის გამო დღეში 4 000 ბავშვი იღუპება. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვირჩევს, ახალშობილი პირველი ექვსი თვის განმავლობაში დედის რძით უნდა იკვებებოდეს, ხოლო ექვსი თვის შემდეგ, სულ მცირე, ორ წლამდე, დედის რძესთან ერთად დამატებითი საკვებიც უნდა მიიღოს.