არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბუნებრივი გაზი — ენერგიის წყარო

ბუნებრივი გაზი — ენერგიის წყარო

ბუნებრივი გაზი — ენერგიის წყარო

მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის 20 პროცენტზე მეტი ბუნებრივ გაზზე მოდის. სად მოიპოვებენ ბუნებრივ გაზს? რა პროცესებს გადის ის მოხმარებამდე? რამდენია დარჩენილი მარაგში?

მეცნიერების აზრით მილიონობით წლის წინ ბუნებრივი გაზი წარმოიქმნა მცენარეთა და ცხოველთა ნაშთების, მათ შორის პლანქტონის ლპობის შედეგად. ამ თეორიის თანახმად, დიდი ხნის განმავლობაში მიკრობების, ზემოდან დალექილი ქანების წნევისა და დედამიწის წიაღიდან მომდინარე სიმხურვალის ურთიერთქმედების შედეგად ორგანული ნარჩენებისგან ისეთი წიაღისეული საწვავი წარმოიქმნა, როგორიცაა ქვანახშირი, გაზი და ნავთობი. დროთა განმავლობაში გაზის უმეტესი ნაწილი ფოროვან ქანებში მოხვდა და გაზის დიდი რეზერვუარები ანუ საბადოები წარმოქმნა, რომლებიც შეუღწევი ქანის ქვეშ მოექცა. ზოგი საბადო იმდენად დიდია, რომ ტრილიონობით კუბურ მეტრ გაზს შეიცავს. როგორ პოულობენ ამ საბადოებს?

როგორ ხდება ბუნებრივი გაზის აღმოჩენა?

სატელიტები, გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა, სეისმური ძიების არეკვლილ ტალღათა მეთოდი და კომპიუტერები აადვილებს გაზის საბადოების სავარაუდო ადგილმდებარეობის დადგენას. სეისმური ძიების მეთოდი შემდეგში მდგომარეობს — დედამიწის სიღრმეში მდებარე ქანებიდან არეკლილი ბგერა მეცნიერებს იმაზე უქმნის წარმოდგენას, თუ რა შეიძლება იყოს ამ ქანების ქვემოთ. ბგერებს სხვადასხვა ხელოვნური საშუალებებით წარმოქმნიან, მაგალითად ასაფეთქებლებითა და სპეციალურ მანქანებზე დამაგრებული ვიბრატორებით. გამოწვეული დარტყმითი ტალღები გაივლის დედამიწის ქერქს და არეკვლის შემდეგ უბრუნდება სიგნალის მიმღებ დანადგარებს, რის საფუძველზეც მეცნიერები ქმნიან ქანების სამგანზომილებიან კომპიუტერულ მოდელს. ამ მოდელების მეშვეობით შესაძლებელი ხდება გაზის საბადოების სავარაუდო ადგილმდებარეობის დადგენა.

საზღვაო ძიების დროს ბგერითი ტალღების წარმოქმნა სპეციალური სატყორცნების მეშვეობით ხდება, რომლიდანაც ზღვაში ისვრიან შეკუმშულ ჰაერს, ორთქლსა და წყალს. შედეგად წარმოქმნილი გასწვრივი ტალღები ზღვის ფსკერს გაივლის და აირეკლება. არეკლილ ბგერებს იღებს ჰიდროფონი, ანუ წყალქვეშა ბგერების მიმღები აპარატი, რომელიც სეისმური ძიების გემზე მიმაგრებულ გრძელ ბაგირზეა მიბმული. ისევე როგორც ხმელეთზე, მკვლევარები მიღებული სიგნალების საფუძველზე ადგენენ კომპიუტერულ მოდელს ანალიზისთვის.

საბადოში საკმარისი გაზი უნდა აღმოჩნდეს, რომ ღირდეს ხარჯების გაწევა. ამიტომ გეოლოგებმა უნდა განსაზღვრონ საბადოებში არსებული გაზის მოცულობა და წნევა. წნევის დადგენა საკმაოდ ზუსტად შეიძლება მანომეტრის მეშვეობით. მოცულობის განსაზღვრა შედარებით რთულია. მოცულობის დასადგენად ჯერ ადგენენ საწყის წნევას, საბადოდან უშვებენ გაზის განსაზღვრულ რაოდენობას და შემდეგ კვლავ ამოწმებენ წნევას. თუ წნევა ოდნავ დავარდა, ეს საბადოს დიდ მოცულობაზე მეტყველებს, წნევის მკვეთრი ვარდნა კი მის მცირე მოცულობაზე.

მზადება რეალიზაციისთვის

ამოღების შემდეგ ბუნებრივი გაზი მილსადენით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მიედინება, სადაც მას ისეთი არასასურველი ქიმიური ნაერთებისგან ასუფთავებენ, როგორებიცაა ნახშირორჟანგი, გოგირდწყალბადი, გოგირდის ორჟანგი და წყლის ორთქლი, რომელიც იწვევს მილების ჟანგვას. ამის შემდეგ ხდება ბუნებრივი გაზის ძალიან დაბალ ტემპერატურაზე გამოხდა, რომ მოაშორონ უწვავი აზოტი და მიიღონ საჭირო ჰელიუმი, ბუტანი, ეთანი და პროპანი. საბოლოოდ იღებენ სუფთა მეთანს, რომელიც უფერო, უსუნო და ადვილად აალებადია. რადგანაც მეთანი ბუნებრივი პროდუქტია, მას ბუნებრივ გაზს უწოდებენ.

უსაფრთხოების მიზნით მწარმოებლები ბუნებრივ გაზს მცირე რაოდენობით მძაფრი სუნის მქონე გოგირდოვან ნაერთებს უმატებენ, რათა გაჟონვის შემთხვევაში ადვილად მოხდეს მისი დაფიქსირება, შეჩერება და აფეთქების თავიდან არიდება. მიუხედავად ამისა, ბუნებრივი გაზი გაცილებით სუფთა საწვავია, ვიდრე სხვა წიაღისეული საწვავი, მაგალითად ნახშირი და ნავთობი.

ტრანსპორტირების გასაადვილებლად ბუნებრივი გაზის ნაწილს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე აცივებენ, რის შედეგადაც წარმოიქმნება გათხევადებული ბუნებრივი გაზი. ბუტანისა და პროპანისგან მიიღება გათხევადებული ნავთობის აირი (LPG). ამ გაზს ხშირად იყენებენ ისინი, ვინც საჭმელს ბალონის გაზზე ამზადებს. LPG-ს აგრეთვე იყენებენ საწვავად ავტობუსებისთვის, ტრაქტორებისთვის, სატვირთო მანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის. რაც შეეხება ქიმიურ მრეწველობას, ბუტანსა და პროპანს იყენებენ პლასტმასების, ხსნარების, სინთეტიკური ბოჭკოებისა თუ სხვა ორგანული პროდუქტების დასამზადებლად.

ენერგიის შეზღუდული წყარო

როგორც სხვა წიაღისეული საწვავის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის მარაგიც შეზღუდულია. ზოგიერთი გამოთვლის თანახმად, დედამიწაზე არსებული გაზის მარაგის დაახლოებით 45 პროცენტი ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ. თუ ეს მონაცემები სწორია და გაზის მოხმარება დღევანდელი ტემპით გაგრძელდა, მარაგი დაახლოებით 60 წელი გვეყოფა. მაგრამ ბევრ ქვეყანაში ენერგიის ხარჯი იზრდება. აქედან გამომდინარე, თანამედროვე პროგნოზები შეიძლება საკმაოდ არაზუსტი აღმოჩნდეს.

ზოგ ქვეყანაში ინდუსტრიალიზაციის საკმაოდ სწრაფმა ტემპმა ბევრს შეიძლება ისეთი წარმოდგენა შეუქმნას, რომ დედამიწის რესურსები ამოუწურავია. დღეს ჩვენთვის ხელმისაწვდომია ბირთვული ენერგია, აგრეთვე ენერგიის განახლებადი წყაროები, მაგალითად მზისა და ქარის ენერგია. მაგრამ დააკმაყოფილებს თუ არა ეს ენერგია ჩვენს მზარდ მოთხოვნილებას და იქნება თუ არა უსაფრთხო გარემოსთვის, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

[დიაგრამა⁄სურათი 14 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მოპოვებული ბუნებრივი გაზი მილსადენების მეშვეობით მიეწოდება ქარხანას, საიდანაც გადამუშავებული გაზი მომხმარებლამდე მიდის

[დიაგრამა]

ჭაბურღილი

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

გაზის მომპოვებელი კომპანია

[სურათი 13 გვერდზე]

სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით წარმოქმნილი ბგერითი ტალღები არეკვლის შემდეგ უბრუნდება სიგნალის მიმღებ დანადგარს

[სურათი 13 გვერდზე]

გეოლოგები ანალიზს უკეთებენ ბგერითი ტალღების საფუძველზე შექმნილ სამგანზომილებიან მოდელს

[სურათის საავტორო უფლებები 13 გვერდზე]

Top: © Lloyd Sutton/Alamy; bottom: © Chris Pearsall/Alamy