არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განსაცდელები ღმერთმა გადამატანინა

განსაცდელები ღმერთმა გადამატანინა

განსაცდელები ღმერთმა გადამატანინა

მოგვითხრო ვაზირ ასანოვმა

საწოლიდან წამოვხტი, წელზე ბიბლია შემოვიკარი და სწრაფად ჩავიცვი. ტანსაცმელი გადავახვიე და ისე შევაცურე საბნის ქვეშ, თითქოს ლოგინში ვიწექი და მეძინა. შემდეგ ფანჯრიდან გადავხტი და სამეფო დარბაზში გავიქეცი, თან ღმერთს ვთხოვდი დახმარებას. ეს მოხდა 1991 წელს. მაშინ 14 წლისა ვიყავი.

დავიბადე ქურთულ ოჯახში, ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკიდან ერთ-ერთი რესპუბლიკის, ყაზახეთის სამხრეთ ნაწილში. მშობლები და ნათესავები ბავშვობიდან ყოველთვის იმას ჩამაგონებდნენ, რომ მე უნდა გამეთავისუფლებინა ჩემი ხალხი ჩაგვრისგან. ქურთების მოძულეთა მიმართ გულში ისეთი სიძულვილი მქონდა, რომ მზად ვიყავი, ჩემი ხალხის დასაცავად ადამიანიც კი მომეკლა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს მე, დედაჩემმა და ჩემმა უმცროსმა ძმამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. ეს რომ მამამ გაიგო, მათთან ურთიერთობა აგვიკრძალა, მაგრამ მე მაინც არ შევწყვიტე შესწავლა, არადა ქურთულ ოჯახში ოჯახის თავს უსიტყვოდ ემორჩილებიან. მართალია მიყვარდა მამა, მაგრამ ჭეშმარიტებასაც ვერ ვთმობდი.

წინააღმდეგობა ოჯახსა და სკოლაში

ერთხელ მასწავლებელმა ჩანთაში ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ მიპოვა და ჩემს მშობლებს მიუტანა ამბავი. მამაჩემი გაცოფდა და ისე მაგრად დამარტყა, რომ ცხვირიდან სისხლი წამსკდა. „კიდევ მაგათთან ხარ?!“ — დამიღრიალა.

ამის შემდეგ მამამ განმიცხადა, შენ ჩემი შვილი აღარა ხარო, რამაც ძალიან მატკინა გული. კლასელებიც თავს მარიდებდნენ, ზოგი სიტყვიერ შეურაცხყოფასაც კი მაყენებდა. მასწავლებლები დაბალ ნიშნებს მიწერდნენ და ჩემი მრწამსის გამო კლასის წინაშე ხშირად მასხრად მიგდებდნენ. ზოგჯერ იმასაც ცდილობდნენ, რომ თავს მოეხვიათ ჩემთვის ათეისტური შეხედულებები.

ასეთი წინააღმდეგობის მიუხედავად, კრების შეხვედრებს მაინც ვესწრებოდი და ახალშეძენილი რწმენის შესახებ სხვებსაც ველაპარაკებოდი. მალე მამამ გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებთან კვლავ მქონდა ურთიერთობა და ბიბლიასაც ვკითხულობდი. ერთ კვირადღეს სახლიდან რომ გავსულიყავი და კრების შეხვედრას დავსწრებოდი, რაღაც მოვიმიზეზე. მამა მიმიმხვდა და მიბრძანა, რომ მაშინვე წავსულიყავი და დავწოლილიყავი. „ყოველ კვირადღეს, ამ დროს, ლოგინში იწვები“, — მკაცრად მითხრა მან. თანაც დამემუქრა, რომ თუ ასე არ გავაკეთებდი, ვერ გადავურჩებოდი. ვიცოდი, რომ თავის სიტყვას უკან არ წაიღებდა.

თვალცრემლიანი ვევედრებოდი იეჰოვას, ჭეშმარიტ ღმერთს, რომ მამაჩემისთვის გული მოელბო, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. გამახსენდა ისრაელთა ჩაგვრა ეგვიპტეში. მამაჩემი ფარაონს მაგონებდა, რომელიც არ უშვებდა ისრაელს იეჰოვას თაყვანსაცემად (გამოსვლა 5:1, 2).

სერიოზული გადაწყვეტილების მიღება

ერთ კვირადღეს გადავწვიტე, კრების შეხვედრაზე წავსულიყავი. ლოგინში ვიწექი და ჩუმად ვლოცულობდი, გულს სულ ბაგაბუგი გაჰქონდა. მშობლები ჩემს საძინებელში რომ შემოვიდნენ, თავი მოვიმძინარე. მამამ სიამაყით თქვა: „ნახე, რა დამჯერი შვილი მყავს!“ მან მაკოცა და ორივენი ფეხაკრეფით გავიდნენ ოთახიდან, მე კი ისევ მხურვალედ ვლოცულობდი.

შემდეგ, როგორც დასაწყისში მოვყევი, წამოვხტი, ლოგინის ქვემოდან ფეხსაცმელი გამოვიღე და ფანჯრიდან გადავხტი. ვერც კი გავიგე, ისე დამთავრდა ორსაათიანი შეხვედრა. უკან რომ ვბრუნდებოდი, სულ იმას ვფიქრობდი, რა მელოდა სახლში. თურმე დედას უნახავს, რომ ლოგინში არ ვიწექი, მაგრამ საბედნიეროდ მამასთვის არაფერი უთქვამს. თუმცა გამაფრთხილა, რომ სხვა დროს ეტყოდა.

ერთ დღეს მშობლებს ვუთხარი, რომ მე და ერთი ჩემი მეგობარი სპეციალურ ღონისძიებაზე ვიყავით მიწვეული. სინამდვილეში ეს ღონისძიება იეჰოვას მოწმეთა კონგრესი იყო, რომელიც 1992 წელს ქალაქ თარაზში ტარდებოდა. თარაზი ჩემი ქალაქიდან, ყარათაუდან, დაახლოებით 100 კილომეტრით იყო დაშორებული. სწორედ ამ კონგრესზე უნდა მოვნათლულიყავი იეჰოვასთვის თავის მიძღვნის ნიშნად. დედას ვთხოვე, რომ ერთი ვედრო მზესუმზირა მოეცა. მოვხალე და ბაზარში გავყიდე. ასე ვიშოვე კონგრესზე წასასვლელი ფული.

კონგრესიდან დაბრუნებულს მამამ მკითხა, თუ როგორი დრო გავატარეთ. ვუთხარი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მამას მეტი აღარაფერი უკითხავს. აშკარად ვიგრძენი იეჰოვას მხარდაჭერა. მაშინ დავრწმუნდი იმ სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომელიც იგავების 3:5, 6-ში წერია: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“.

სულიერი სისუსტე

მამაჩემს წინააღმდეგობის გაწევა არც ჩემი მონათვლის შემდეგ შეუწყვეტია. სხვების თანდასწრებითაც კი სასტიკად მცემდა, რადგან არ ვწყვეტდი ურთიერთობას იეჰოვას მოწმეებთან. თითქმის ყოველდღე მამცირებდა და მემუქრებოდა, რის გამოც ხშირად ვტიროდი. იმ დროს ყაზახეთი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა. ამიტომ მშობლები და ნათესავები სულ იმას მიჩიჩინებდნენ, რომ პოლიტიკოსი გავმხდარიყავი. ისინი ფიქრობდნენ, რომ შანსს ხელიდან ვუშვებდი.

ჩემი უფროსი ძმა კარგი სპორტსმენი იყო. მამაჩემი ხშირად მეუბნებოდა, რომ მეც სპორტს გავყოლოდი. 1994 წლის ბოლოს მამას სურვილი ავუსრულე. თავიდანვე კარგი მონაცემები მქონდა და მალე ფეხბურთსა და ტანვარჯიშში არაერთი პრიზი ავიღე. ქურთთა ინტერესების დასაცავად იურისპრუდენციის შესწავლაც დავიწყე. პოლიტიკაშიც ჩავები და ქურთული ახალგაზრდული პარტიის ჩამოყალიბებაც კი გადავწყვიტე. მამა ჩემით აღფრთოვანებული იყო.

„შენ გაიმარჯვე, მამა!“

სულიერად ძალიან დავსუსტდი, აღარ ვკითხულობდი ბიბლიას და აღარც იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს ვესწრებოდი. მაგრამ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ როგორც კი სრულწლოვანი გავხდებოდი, განვაახლებდი იეჰოვას მსახურებას. ერთხელ მამამ მკითხა, ისევ ხომ არ ვხვდებოდი იეჰოვას მოწმეებს. „არა, შენ გაიმარჯვე, მამა!“ — მივუგე. შემდეგ ვკითხე: „ბედნიერი ხარ ახლა?“ სახეგაბრწყინებულმა მამამ ამაყად მითხრა: „ახლა უკვე ჩემი შვილი ხარ!“.

ორი წელი კრების შეხვედრებზე არ მივლია, თუმცა ზოგჯერ გული მიმიწევდა. მრცხვენოდა კრებაზე მისვლის. მეგონა, რომ კრების წევრები ვერ გამიგებდნენ.

გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვას მსახურებას არაფერი სჯობდა. „მე ხომ მიყვარს იეჰოვა“, — ხშირად ვახსენებდი საკუთარ თავს. ახლა მამა დაჟინებით მთხოვდა, რომ უმაღლესი განათლება მიმეღო. ზეწოლას ვერ გავუძელი და პირობაც მივეცი, რომ საუკეთესო სტუდენტი ვიქნებოდი. თუმცა იმედიც მქონდა, რომ ალმა-ათაში, სადაც უნივერსიტეტში უნდა მესწავლა, იეჰოვას მოწმეებს ვიპოვიდი.

მოვლენები სულ სხვაგვარად ვითარდება

უნივერსიტეტში სწავლის დაწყებიდან მალევე შევხვდი ორ მოწმეს, რომლებიც ქუჩაში ქადაგებდნენ. მათ მკითხეს: „თქვენი აზრით, ვინ მართავს ქვეყნიერებას?“

„სატანა ეშმაკი, — ვუპასუხე. — იეჰოვასი და მთელი კაცობრიობის მტერი“ (2 კორინთელები 4:3, 4). ავუხსენი, რომ მონათლული ვიყავი, მაგრამ — არააქტიური.

1996 წლის ბოლოს იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა განვაახლე. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ თავდაპირველი სიყვარული განმიახლდა და იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაში სრულად ჩავები. 1997 წლის სექტემბერში პიონერად, სრული დროით დავიწყე მსახურება.

ერთი წლის შემდეგ ალმა-ათაში მამა მესტუმრა. მისკენ გავიქეცი და გადავეხვიე. მამამ მთხოვა, ყველაფერი მეპატიებინა. აღიარა, რომ მაშინ არც ჩემი ესმოდა და არც ჩემი მრწამსის. „მამა, ძალიან მიყვარხარ,“ — დავამშვიდე.

ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, როდესაც მამაჩემმა ბიბლიური ლიტერატურა აიღო და ბიბლიაც მოითხოვა. უნდოდა, რომ თავიდან ბოლომდე წაეკითხა ბიბლია. მომდევნო წელს მამა დედასთან ერთად ჩამოვიდა. ისინი სამეფო დარბაზში წავიყვანე, სადაც სხვადასხვა წარმოშობის და-ძმები გულთბილად ესალმებოდნენ და ეცნობოდნენ მათ. მამა ასეთ შეხვედრას ნამდვილად არ ელოდა. მან დიდი ინტერესით დაიწყო იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურის კითხვა.

დღეს ძალიან ბედნიერი ვარ

2001 წლის სექტემბერში ცოლად შევირთე რუსი და, ელენა. ის 1997 წელს მოინათლა და 2003 წლის მაისში პიონერად დაიწყო მსახურება. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გავიგეთ, რომ ჩემმა მშობლებმა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს იეჰოვას მოწმეებთან და სულიერადაც იზრდებოდნენ. ვერ ვიჯერებდი, სანამ მამამ ამის შესახებ თვითონ არ მითხრა. ტელეფონით რომ ვსაუბრობდით, მან იეჰოვას ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი უწოდა.

ბედნიერი ვარ, რომ აქ, ალმა-ათაში, ბიბლიის შესწავლებს ვატარებ თურქებთან, ირანელებთან, პაკისტანელებთან, სირიელებთან და ჩინელებთან. ამას წინათ ერთმა ირანელმა სასულიერო პირმა მთხოვა, რომ მისთვის მშობლიურ, სპარსულ ენაზე მესწავლებინა ბიბლია. ერთხელ ყოფილ გენერალს ვესაუბრე, რომელიც ავღანეთში მსახურობდა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც იეჰოვას შესახებ გაიგო. არანაკლებ სასიხარულო იყო, როცა ერთ სირიელთან ქურთულად დავიწყე ბიბლიის შესწავლა. ბიბლიას ვასწავლიდი აგრეთვე ყაზახებს და რუსებს. ყაზახური და რუსული ბავშვობიდანვე ვიცოდი.

ახლა მე და ელენა ალმა-ათის ერთ-ერთ ყაზახურენოვან კრებაში ვმსახურობთ. ალმა-ათაში იეჰოვას მოწმეთა 35-ზე მეტი კრებაა. გასულ წელს მე და ელენა დროებით მიგვიწვიეს ალმა-ათის მახლობლად მდებარე იეჰოვას მოწმეთა ოფისში, რომელიც ახლახან აშენდა.

ერთ დროს სიძულვილს მასწავლიდნენ, მაგრამ იეჰოვამ სიყვარული მასწავლა. არავის უნდა მივცეთ იმის ნება, თვით კეთილმოსურნე ნათესავებსა თუ მეგობრებსაც კი, რომ ხელი შეგვიშალონ ღვთის ნების შესრულებაში (გალატელები 6:9). ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ‘ბევრი ვიშრომოთ უფლის საქმეში’ (1 კორინთელები 15:58).

[ჩანართი 13 გვერდზე]

დედამ გამაფრთხილა, რომ თუ კიდევ მოვიქცეოდი ასე, აუცილებლად ეტყოდა მამას

[სურათი 15 გვერდზე]

სამეფო დარბაზი ყარათაუში, სადაც ბავშვობაში დავდიოდი

[სურათი 15 გვერდზე]

ჩემი მშობლები, რომლებიც ჩვენი საქმის მნიშვნელობას ახლა კარგად ხედავენ

[სურათი 15 გვერდზე]

მე და ელენა ქორწილის დღეს

[სურათი 15 გვერდზე]

მე და ელენა ალმა-ათის ახალაშენებული ოფისის ფონზე