არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიყვარული გვიბიძგებს, საკუთარ თავზე წინ სხვები დავაყენოთ.

როგორ გამოვავლინოთ სიყვარული სხვების მიმართ

როგორ გამოვავლინოთ სიყვარული სხვების მიმართ

ვინაიდან ყველანი ადამის შთამომავლები ვართ, შეიძლება ითქვას, ერთ დიდ ოჯახს მივეკუთვნებით. მართალია, ოჯახის წევრები ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ, მაგრამ ხშირად სულ სხვა რეალობის წინაშე ვდგებით. ეს ნამდვილად არ ყოფილა ღვთის განზრახვა.

რას ამბობს ბიბლია სიყვარულზე

„საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე“ (ლევიანები 19:18).

„გიყვარდეთ თქვენი მტრები“ (მათე 5:44).

რას ნიშნავს, გვიყვარდეს სხვები

ყურადღება მიაქციეთ, როგორ აღწერს ღმერთი სიყვარულს თავის სიტყვაში, კერძოდ 1 კორინთელების 13:4—7-ში:

„სიყვარული სულგრძელია“.

დაფიქრდით: ალბათ მადლიერი ხართ, როცა სხვები თქვენ მიმართ მოთმინებას და სიკეთეს ავლენენ და თქვენს არასწორ საქციელზე მძაფრად არ რეაგირებენ.

„სიყვარულს არ შურს“.

დაფიქრდით: ალბათ არ გსიამოვნებთ, როცა სხვები შურის ან ეჭვის თვალით გიყურებენ.

სიყვარული „თავისას არ ეძებს“.

დაფიქრდით: ალბათ გიხარიათ, როცა სხვები პატივს სცემენ თქვენს აზრს და თავისას არ იჟინებენ.

სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის“.

დაფიქრდით: ღმერთი მზადაა, აპატიოს მომნანიებელ შემცოდველს. ფსალმუნის 103:9-ში მის შესახებ ნათქვამია: „მუდმივად არ დაგდებს ბრალს და არც მარადიულად განაწყენდება“. როცა სხვები დიდსულოვნად გვპატიობენ, თავს კარგად ვგრძნობთ. ამიტომ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ პატიებისთვის (ფსალმუნი 86:5).

სიყვარული „უმართლობით არ ხარობს“.

დაფიქრდით: არავის გვსიამოვნებს, როცა ჩვენს გასაჭირს ვინმე სიხარულით ხვდება. ამიტომ არც ჩვენ უნდა გვახარებდეს სხვისი უბედურება, თუნდაც მათი, ვინც ერთ დროს ცუდად მოგვექცა.

ღვთის მოწონება რომ დავიმსახუროთ და მისი დანაპირების შესრულების მოწმენი გავხდეთ, განურჩევლად ყველა უნდა გვიყვარდეს. როცა გაჭირვებაში მყოფთ დახმარების ხელს ვუწვდით, მათ მიმართ სიყვარულს ვავლენთ.