არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

პუნქტუალურობა

პუნქტუალურობა

პუნქტუალურობას ის ადამიანებიც კი აფასებენ, რომლებიც თითქმის ყველგან იგვიანებენ. ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით ბრძნულ და პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს.

რამდენად მნიშვნელოვანია პუნქტუალურობა?

რატომ არის მნიშვნელოვანი:

ბევრი მიხვდა, რომ ნაკლებ სტრესს განიცდის, როცა შეხვედრაზე ცოტა ადრე მიდის. გარდა ამისა, პუნქტუალური ადამიანები უფრო კარგი რეპუტაციით სარგებლობენ სხვების თვალში. რატომ ვამბობთ ამას?

პუნქტუალური ადამიანი თავად მართავს სიტუაციას. როცა ყველგან დროულად მიდიხართ, ამით ცხადყოფთ, რომ ცდილობთ, თავად მართოთ საკუთარი ცხოვრება და არაფერს აძლევთ საშუალებას, ხელი შეგიშალოთ მიზნის მიღწევაში.

პუნქტუალური ადამიანი საიმედოა. დღევანდელ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ხშირად არ ასრულებენ დადებულ პირობებსა თუ ვალდებულებებს, დიდად ფასობენ ისინი, რომლებიც არასდროს გადადიან თავიანთ ნათქვამს. სანდო ადამიანები მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხრიდან პატივისცემას იმსახურებენ. დამსაქმებლებიც ძალიან აფასებენ ისეთ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურში დროულად მიდიან და გეგმით გათვალისწინებულ ვადებში ასრულებენ თავიანთ საქმეს. ასეთმა სანდო თანამშრომლებმა შეიძლება უფრო მეტი ნდობა მოიპოვონ დამსაქმებლის თვალში და დამატებითი გასამრჯელოც კი დაიმსახურონ.

რას ამბობს ბიბლია:

პუნქტუალურობაზე ღვთის სიტყვაც საუბრობს. მაგალითად, ბიბლიაში წერია: „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“ (1 კორინთელები 14:40). როცა ორი მხარე თანხმდება, რომ ერთმანეთს დათქმულ დროსა და ადგილას შეხვდებიან, ამ დროს ორივეს პუნქტუალურობის გამოვლენა მართებს. ბიბლიაში ისიცაა ნათქვამი, რომ „ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3:1). ამ მუხლის კონტექსტიდან კი ვიგებთ, რომ არის „დარგვის დრო და დარგულის ამოძირკვის დრო“ (ეკლესიასტე 3:2). მიწათმოქმედი მარცვალს დროულად თესავს, რათა თავის დროზე საუკეთესო მოსავალი მოიმკას. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მიწათმოქმედის პუნქტუალურობაზე არის დამოკიდებული ის, თუ რამდენად კარგ მოსავალს მიიღებს იგი.

ბიბლია უფრო სერიოზულ მიზეზს ასახელებს, რის გამოც გვმართებს, ვიყოთ პუნქტუალურები. როცა პუნქტუალურები ვართ, ცხადვყოფთ, რომ სხვებს პატივს ვცემთ და ვაფასებთ მათ ძვირფას დროს (ფილიპელები 2:3, 4). ამის საპირისპიროდ კი ისინი, რომლებიც სხვებს ყოველთვის ალოდინებენ, შეიძლება ითქვას, რომ მათ ძვირფას წუთებს ჰპარავენ.

„მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

რა დაგეხმარებათ, რომ პუნქტუალურები გახდეთ?

რას ამბობს ბიბლია:

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ყოველთვის თადარიგი დავიჭიროთ (იგავები 21:5). თუ ატყობთ, რომ ხშირად გაგვიანდებათ, შეიძლება ეს იმის ბრალი იყოს, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვთ. კარგი იქნება, თუ თქვენი განრიგიდან ამოიღებთ ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებს, რომლებიც დროს გაკარგვინებთ. შეეცადეთ, ისე დაგეგმოთ თქვენი საქმეები, რომ მათ შორის საკმარისი დროის ინტერვალი დაიტოვოთ. აგრეთვე მიზნად დაისახეთ, რომ დანიშნულების ადგილას ყოველთვის ადრე მიხვიდეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, მაშინაც კი არ დააგვიანოთ შეხვედრაზე, როცა გაუთვალისწინებელი რამ მოხდება, მაგალითად საცობში მოყვებით ან ამინდი გაუარესდება.

ბიბლია მოგვიწოდებს, მოკრძალებულები ვიყოთ (იგავები 11:2). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაღიაროთ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები. სანამ ვინმეს შეხვედრაზე ან რაიმე საქმის გაკეთებაზე დასთანხმდებით, დაფიქრდით, რამდენად შეძლებთ პირობის შესრულებას. როცა იმაზე მეტის გაკეთებას ცდილობთ, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ, ამით საკუთარ თავსაც დიდ სტრესს უქმნით და სხვასაც.

ბიბლია იმისკენაც მოგვიწოდებს, რომ დრო გონივრულად გამოვიყენოთ (ეფესოელები 5:15, 16). თქვენს გეგმებში უმთავრესი ადგილი იმ საქმეებს მიუჩინეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია (ფილიპელები 1:10). როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ან ვინმეს ელოდებით, შეეცადეთ, ეს დრო გონივრულად გამოიყენოთ, მაგალითად წაიკითხოთ რამე ან დაგეგმოთ დღის დარჩენილი ნაწილი.

„მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5).