არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფინანსური მდგომარეობა

ფინანსური მდგომარეობა

ბიბლიური პრინციპების გათვალისწინების შედეგად ბევრს ნაკლებად უწევს ფინანსურ პრობლემებთან ჭიდილი.

შეადგინეთ კარგი გეგმა

ბიბლიური პრინციპი: „მუყაითის გეგმები წარმატებულია, მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“ (იგავები 21:5).

რას ნიშნავს: ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, შეადგინოთ გეგმა და ზედმიწევნით მიჰყვეთ. ასე რომ, სანამ ფულს დახარჯავთ, წინასწარ ყველაფერი კარგად დაგეგმეთ. გახსოვდეთ, რომ, რასაც მოისურვებთ, ყველაფერს ვერ იყიდით. ამიტომ ყაირათიანად ხარჯეთ ფული.

რა უნდა გააკეთოთ:

  • მიჰყევით გეგმას. ჩამოწერეთ, რა ხარჯები გექნებათ და კატეგორიებად დაყავით. გამოყავით თანხა თითოეული კატეგორიისთვის. თუ ერთ რაღაცაში გათვალისწინებულზე მეტი დაგეხარჯებათ, სხვა რამეში დაზოგეთ. მაგალითად, თუ საწვავში იმაზე მეტი დაგეხარჯებათ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ, შეგიძლიათ დანაკლისი ნაკლებად მნიშვნელოვანი რამისთვის, გართობისთვის გათვალისწინებული თანხიდან აანაზღაუროთ.

  • ნუ დაიდებთ ვალს. ყველანაირად ეცადეთ, არ დაიდოთ ვალი. თუ რამის ყიდვას აპირებთ, შეაგროვეთ ფული. თუ საკრედიტო ბარათით სარგებლობთ, შეეცადეთ, აღებული სესხი თვის ბოლომდე დაფაროთ, რათა ზედმეტი პროცენტის გადახდა არ მოგიწიოთ. თუ ვალი გაქვთ, შეადგინეთ გადახდის გეგმა და ზედმიწევნით მიჰყევით.

    ერთი გამოკვლევის თანახმად, ისინი, ვინც საკრედიტო ბარათით სარგებლობენ, როგორც წესი, საკმაოდ ბევრს ხარჯავენ. ასე რომ, თუ თქვენც სარგებლობთ საკრედიტო ბარათით, გონივრულად გამოიყენეთ.

მოერიდეთ არასწორ აზროვნებას

ბიბლიური პრინციპი: „ზარმაცი არ ხნავს ზამთარში; მკის დროს კი მათხოვრობას დაიწყებს, მაგრამ ვერაფერს მიიღებს“ (იგავები 20:4).

რას ნიშნავს: სიღარიბის მიზეზი ხშირად სწორედ სიზარმაცეა. ამიტომ მუყაითად იშრომეთ და შეეცადეთ, ისე განკარგოთ თანხები, რომ გქონდეთ ის, რაც აუცილებელია.

რა უნდა გააკეთოთ:

  • მუყაითად იშრომეთ. თუ შრომისმოყვარე და სანდო ადამიანის სახელი გექნებათ, დიდი ალბათობით სამსახურს არ დაკარგავთ. დამსაქმებლები ძალიან აფასებენ გულმოდგინე თანამშრომლებს.

  • იყავით პატიოსანი. ნურაფერს მოჰპარავთ დამსაქმებელს. თუ უპატიოსნოდ მოიქცევით, რეპუტაციას გაიფუჭებთ; შეიძლება სამსახურიც დაკარგოთ და ახალი სამსახურის პოვნაც გაგიჭირდეთ.

  • მოერიდეთ სიხარბეს. ფულისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სხვებთან ურთიერთობაზე. გახსოვდეთ, ფული არ არის მთავარი! ბევრი რამ ფულზე გაცილებით ღირებულია.

სხვა ბიბლიური პრინციპები

წაიკითხეთ ბიბლია ონლაინში ვებგვერდზე jw.org. ხელმისაწვდომია ასობით ენაზე

ნუ გაფლანგავთ დროსა და ფულს იმაში, რაც გავნებთ

„ლოთი და გაუმაძღარი გაღარიბდება და თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს“ (იგავები 23:21).

თავი აარიდეთ ზედმეტ საზრუნავს

„ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ“ (მათე 6:25).

ნუ შეგშურდებათ სხვების

„შურიანი თვალის მქონე კაცი გამდიდრებას ესწრაფვის, ის კი არ იცის, სიდუხჭირეში რომ აღმოჩნდება“ (იგავები 28:22).