არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა გავლენას ახდენს ტექნიკა თქვენს ურთიერთობაზე მეგობრებთან?

რა გავლენას ახდენს ტექნიკა თქვენს ურთიერთობაზე მეგობრებთან?

დღეს სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანებსაც კი შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა ტექსტური შეტყობინებების, ელექტრონული ფოსტის, ვიდეოზარისა თუ სოციალური მედიის საშუალებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები გონივრულად იყენებენ ტექნოლოგიურ მიღწევებს.

თუმცა ისინი, ვინც მეგობრებთან მხოლოდ ელექტრონული მოწყობილობებით ურთიერთობენ . . .

  • ნაკლებ გულისხმიერებას იჩენენ მათ მიმართ.

  • მარტოობასა და სიცარიელეს გრძნობენ.

  • მეგობრებზე მეტად საკუთარი თავი აღელვებთ.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲪᲝᲓᲔᲗ

ᲗᲐᲜᲐᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ

თანამგრძნობები იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ ვიფიქრებთ სხვებზე და გავითვალისწინებთ მათ გრძნობებს. ამის გაკეთება გაგვიჭირდება, თუ მთელი ჩვენი დრო სოციალური ქსელებით სარგებლობას და ტექსტური შეტყობინებების წერას მიაქვს.

თუ უამრავ შეტყობინებას იღებთ, შეიძლება გაგიჭირდეთ ყველასთვის პასუხის მიწერა. შესაძლოა ზედაპირულად გაეცნოთ მიღებულ წერილებს და მოკლე-მოკლე პასუხებით შემოიფარგლოთ; ამასობაში კი უყურადღებოდ დაგრჩეთ მეგობრის წერილი, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: როგორ შეგიძლიათ მეგობრისადმი გულისხმიერების გამოვლენა, როცა შეტყობინებას უგზავნით? (1 ᲞᲔᲢᲠᲔ 3:8).

ᲡᲘᲪᲐᲠᲘᲔᲚᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲓᲐ

ერთი კვლევის თანახმად, სოციალური ქსელით სარგებლობის შემდეგ ბევრი თავს უფრო ცუდად გრძნობს. ამის მიზეზი ხშირად ისაა, რომ სხვების სურათებისა და სიახლეების შემყურეთ ისეთი გრძნობა ეუფლებათ, თითქოს ცხოვრებაში ფასეულს ვერაფერს ქმნიან.

სხვების სურათების დათვალიერების შემდეგ შესაძლოა ადამიანმა თავისი ცხოვრება მათსას შეადაროს და ისეთი განცდა დარჩეს, რომ ყველა შესანიშნავად ატარებს დროს, თავად კი ერთობ უღიმღამოდ ცხოვრობს.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: რა დაგეხმარებათ, რომ სოციალური მედიით სარგებლობისას საკუთარი ცხოვრება სხვებისას არ შეადაროთ? (ᲒᲐᲚᲐᲢᲔᲚᲔᲑᲘ 6:4).

ᲔᲒᲝᲘᲖᲛᲘ

ერთი მასწავლებელი აღნიშნავს, რომ მის მოსწავლეთაგან ბევრი ისეთ მეგობრებს ირჩევს, რომლებთან ურთიერთობითაც რამეს გამორჩება. * ასეთი ადამიანები ეგოცენტრულები და მიღებაზე ორიენტირებულები არიან; ისინი მეგობრებს ნივთებივით ეპყრობიან — როცა აწყობთ, იყენებენ და როცა არა, გვერდით გადადებენ.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: თქვენ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული მასალა ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ ვინმეს ეჯიბრებით ან გადამეტებულად ფიქრობთ საკუთარ თავზე? (ᲒᲐᲚᲐᲢᲔᲚᲔᲑᲘ 5:26).

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝᲗ

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲘᲧᲔᲜᲔᲑᲗ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚ ᲛᲝᲬᲧᲝᲑᲘᲚᲝᲑᲔᲑᲡ

თუ საკომუნიკაციო საშუალებებს გონივრულად გამოიყენებთ, მათი დახმარებით მეგობრებთან ურთიერთობასაც შეინარჩუნებთ და გააღრმავებთ კიდეც თქვენს მეგობრობას.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „სიყვარული . . . მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს“ (1 ᲙᲝᲠᲘᲜᲗᲔᲚᲔᲑᲘ 13:4, 5).

ქვემოთ მოცემული რჩევებიდან შეარჩიეთ, რომლის გამოყენება გსურთ ან თავად ჩამოწერეთ, რა მხრივ გმართებთ გაუმჯობესება.

  • უპირატესობა მივანიჭო პირად ურთიერთობებს, არ შემოვიფარგლო მხოლოდ ტექსტური შეტყობინებებითა და იმეილებით.

  • გადავდო ან ხმა გამოვურთო ტელეფონს, როცა ვინმეს ვესაუბრები.

  • შევამცირო დრო, რომელსაც სოციალურ მედიაში სიახლეების გაცნობას ვახმარ.

  • გავხდე უკეთესი მსმენელი.

  • შევეხმიანო მეგობარს, რომელსაც რთული პერიოდი უდგას.

^ აბზ. 17 წიგნი (Reclaiming Conversation).