არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ლურჯ-ყვითელი მაკაო. სიგრძე 85 სმ.

თვალწარმტაცი მაკაოები

თვალწარმტაცი მაკაოები

ტყიდან აჭრილი ფრინველთა გუნდი ცას ულამაზესი ფერებით ღებავს! ამ საუცხოო სანახაობას მე-15 საუკუნის მიწურულს აღტაცებაში მოუყვანია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ჩასული ევროპელი მოგზაურები. მათი მზერა ამერიკის ტროპიკულ ტყეებში მობინადრე გრძელკუდა თუთიყუშების, მაკაოების, გუნდს მიუპყრია. მალე ახლად აღმოჩენილი სამოთხის სიმბოლოდ რუკაზე ამ შთამბეჭდავი ქმნილებების სურათები გაჩნდა.

სხვა ხასხასა ფერებით შემოსილი ფრინველებისგან განსხვავებით, თუთიყუშების ეს სახეობა როგორც მამრი, ისე მდედრი, გაცილებით მკვეთრი და ცოცხალი ფერებით გამოირჩევა. მაკაოები (იგივე არა) მარტო სილამაზით კი არ ატყვევებენ მნახველებს, არამედ თავიანთი გონიერებითაც. გარდა ამისა, ისინი სოციალურად შემგუებლები არიან; აქვთ გამჭვალავი, გამკივანი ხმა. გუნდში 30-მდე თუთიყუშია. საკვების მოსაპოვებლად ისინი დილაადრიან ტოვებენ ბუდეებს. ძირითადად, თესლებითა და ტროპიკული მცენარეების ნაყოფებით იკვებებიან, თუმცა ზოგჯერ სხვა რამესაც სიამოვნებით შეექცევიან. როგორც ყველა თუთიყუში, ისინიც ბრჭყალებს ჩაავლებენ ხოლმე საკვებს და დიდი, მოკაუჭებული ნისკარტით ძიძგნიან. ძლიერი ნისკარტით კერკეტ კაკალსაც კი ტეხენ. დანაყრების შემდეგ, როგორც წესი, კლდოვანი ადგილების ან მდინარის სანაპიროებისკენ მიფრინავენ, სადაც თიხას კორტნიან. შესაძლოა ასე იმიტომ იქცევიან, რომ თიხა მათ საკვების მეშვეობით ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინების განეიტრალებაში ეხმარება. გარდა ამისა, თიხიდან ისინი აუცილებელ ქიმიურ ელემენტებსაც იღებენ.

„[ღმერთმა] ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე“ (ეკლესიასტე 3:11).

მაკაოები სიცოცხლის ბოლომდე მეწყვილის ერთგულები რჩებიან. ისინი ბარტყებსაც ერთად ზრდიან. მაკაოების სხვადასხვა სახეობა ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროებში, მდინარის სანაპიროსთან ხვრელებში, ტერმიტების ბორცვისმაგვარ ბუდეებში, კლდის ხვრელებსა და ნაპრალებში. თუ მათი ბუდეების სიახლოვეს მოხვდებით, შეიძლება დაინახოთ, როგორ უსუფთავებენ წყვილები ერთმანეთს ბუმბულს. მაკაოების ბარტყები ექვსი თვისა უკვე ზრდადასრულებულები არიან, მაგრამ სამ წლამდე მაინც მშობლებთან რჩებიან. ველურ ბუნებაში მაკაოები 30—40 წელს ცოცხლობენ, გალიაში კი — 60 წელზე მეტს. მაკაოების დაახლოებით18 სახეობა არსებობს, რომელთა შორისაა:

მწვანეფრთიანი მაკაო. ზოგჯერ წითელ-მწვანე მაკაოსაც ეძახიან. სიგრძე დაახლ. 95 სმ.

წითელი მაკაო. სიგრძე 85 სმ.

ჰიაცინტის მაკაო. სიგრძე დაახლ. 100 სმ. ყველაზე დიდი თუთიყუში. ის შეიძლება 1, 3 კგ-ზე მეტს იწონიდეს.