არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა მიკოლა ბოჟედომოვი, რომელიც კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის დროს დაიღუპა.

2022 წლის 4 მაისი
უკრაინა

თავგანწირული სიყვარული

„ეს მისი ბოლო რეისი უნდა ყოფილიყო“

თავგანწირული სიყვარული

დონეცკის ოლქში საომარი მოქმედებების გაძლიერების შემდეგ, ძმა მიკოლა ბოჟედომოვმა რამდენიმე რეისი გააკეთა კრამატორსკში, რათა საომარი ზონიდან, რაც შეიძლება მეტი თანამორწმუნე გამოეყვანა.

მიკოლა და ნინა ბოჟედომოვები

სამწუხაროდ, 8 აპრილს, კრამატორსკის რკინიგზის სადგურის აფეთქებისას ძმა მიკოლა დაიღუპა. ის 58 წლის იყო.

აფეთქებას 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორის, მიკოლას გარდა, ერთი ჩვენი დაც იყო. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვენი ძმა. ჩვენი თანაქრისტიანები, რომლებიც აფეთქებას გადაურჩნენ, იხსენებენ, როგორ მოჰყვა ორ გამაყრუებელ აფეთქებას ჭურვების სროლა.

მიკოლას მეუღლე, ნინა ამბობს: „ჩემი მეუღლე სხვების ინტერესებს ყოველთვის საკუთარზე წინ აყენებდა. ის განსაკუთრებით ცდილობდა, ხანში შესულ და ფიზიკურად დაუძლურებულ და-ძმებს დახმარებოდა. და-ძმების გამოსაყვანად ყოველი მისი გამგზავრება კრამატორსკში უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა. ეს მისი ბოლო რეისი უნდა ყოფილიყო“.

მიკოლასა და ნინას 32-წლიანი ქორწინება აკავშირებდათ. ორივენი 1997 წელს მოინათლნენ. მიკოლა მრავალი წელი კრებაში უხუცესად მსახურობდა და ერთგულად ასრულებდა ამ დავალებას. თანამორწმუნეები მხარში უდგანან ნინას და თავიანთ სიყვარულსა და მხარდაჭერაში არწმუნებენ. ნინა ამბობს: „და-ძმების მანუგეშებელი სიტყვები ძალიან მეხმარება ამ მძიმე წუთებში“.

ნინას ნუგეშს ბიბლიის კითხვაც ჰგვრის. მას განსაკუთრებით აძლიერებს ესაიას 40:28—31-ში ჩაწერილი სიტყვები. ის გვიზიარებს: „იეჰოვა მეხმარება ძალის მოკრებაში. მისგან განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ. ადრე მხოლოდ პუბლიკაციებში ვკითხულობდი, როგორ ავლენდა იეჰოვა ასეთ სიყვარულს ჩვენი და-ძმების მიმართ, მაგრამ ახლა ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე“.

ვლოცულობთ ნინასთვის და იმ და-ძმებისთვის, რომლებმაც ომში საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ვიცით, იეჰოვა კვლავაც ანუგეშებს და გააძლიერებს მათ (ფსალმუნი 20:2).