არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: დიმიტრი მალევანი, ოლგა ოპალევა, ოლგა პანიუტა და ალექსეი ტროფიმოვი

29 ივნისი, 2021 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 13 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023
რუსეთი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვას მსახურები სიხარულსა და შემართებას არ კარგავენ განსაცდელის დროს

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვას მსახურები სიხარულსა და შემართებას არ კარგავენ განსაცდელის დროს

2023 წლის 10 თებერვალს სპასკის რაიონულმა სასამართლომ (პრიმორიეს მხარე) დამნაშავედ ცნო დიმიტრი მალევანი, ალექსეი ტროფიმოვი, ოლგა ოპალევა და ოლგა პანიუტა. სასამართლომ დიმიტრის შვიდი წლით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა, ალექსეის — ექვსწელიწად-ნახევრით, ხოლო ოლგა პანიუტას — ოთხი წლით. რაც შეეხება ოლგა ოპალევას, მას ოთხი წლითა და ექვსი თვით პირობითი სასჯელი შეუფარდეს. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

დიმიტრი მალევანი

  • დაბადების წელი: 1990 (სპასკ-დალნი)

  • ბიოგრაფია: ასწავლის კომპიუტერის პროგრამირებას. მისი მეუღლე ულიანა მხატვარია. დიმიტრიმ მოზარდობის წლებში დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან. დარწმუნდა, რომ ბიბლია სანდო წიგნია და მისი პრინციპებით ცხოვრებას კმაყოფილება და ბედნიერება მოაქვს. მოინათლა 2004 წელს.

ოლგა ოპალევა

  • დაბადების წელი: 1952 (სპასკ-დალნი)

  • ბიოგრაფია: ახალგაზრდობაში სწამდა ღვთის არსებობის, მაგრამ არასოდეს დაინტერესებულა ბიბლიით. მას 22 წლის ქალიშვილი დაეღუპა. ამ ტრაგედიიდან მალევე ის შეხვდა იეჰოვას მოწმეებს. ძალიან გაახარა მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიური დანაპირების გაგებამ. რწმენის ზრდასთან ერთად, მან დაიწყო საკუთარი იმედის სხვებისთვის გაზიარებაც. მოინათლა 1995 წელს. ბავშვობიდან უყვარს მუსიკა და სიმღერების მღერა, განსაკუთრებით კი, სადიდებელი სიმღერების.

ოლგა პანიუტა

  • დაბადების წელი: 1959 (ნიჟნი-ნოვგოროდი)

  • ბიოგრაფია: პენსიაში გასვლამდე მუშაობდა ბაღის მასწავლებლად და სოციალურ მუშაკად. დაქორწინდა ვლადიმერზე 1982 წელს. ჰყავთ სამი სრულწლოვანი შვილი, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. იეჰოვას მოწმეებთან ერთად ბიბლიის შესწავლის პერიოდში დიდად დააფასა ბიბლიის ნათელი და გასაგები სწავლებები. მოინათლა 1996 წელს.

ალექსეი ტროფიმოვი

  • დაბადების წელი: 1959 (მამაკანი, ირკუტსკის ოლქი)

  • ბიოგრაფია: ვლადივოსტოკის კოლეჯში სწავლის პერიოდში გაიცნო მომავალი მეუღლე, თამარა. მათ ჰყავთ ოთხი შვილი და რამდენიმე შვილიშვილი. მუშაობდა ზეინკლად, ბოლო ხანებში კი — საქვაბის ზედამხედველად. იეჰოვასადმი მსახურება 1990-იანი წლების დასაწყისში გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ღვთის სიტყვა ადამიანებს ცხოვრების ნამდვილი აზრის პოვნაში ეხმარება. მოინათლა 1996 წელს.

სასამართლო საქმე

2018 წლის 25 ნოემბერს სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ქალაქ სპასკ-დალნიში მცხოვრები ოთხი იეჰოვას მოწმის სახლი. პოლიციელებმა ელექტრო ხერხით გადახერხეს ოლგა ოპალევას ბინის კარი. სახლში შეჭრის შემდეგ მათ ოლგას ჰკითხეს, რატომ არ აღებდა კარს. მან გარკვევით ვერ შეძლო პასუხის გაცემა. ოფიცრებმა სასწრაფო გამოიძახეს და გაირკვა, რომ ოლგას გულის შეტევა ჰქონდა მიღებული. იმავე დღეს, მოგვიანებით, მათ ის საავადმყოფოდან განყოფილებაში გადაიყვანეს დასაკითხად. გულის შეტევის გამო ოლგას ნაწილობრივ პარალიზებული ჰქონდა მარცხენა ხელ-ფეხი. ცალკე საქმეა აღძრული ოლგას ვაჟის, ძმა ვიტალი ილინუხის წინააღმდეგ, რომელიც დედაზე ზრუნავს.

ოთხივე და-ძმა დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს ორი დღით. 2018 წლის 27 ნოემბერს ისინი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ერთი წლის შემდეგ მათ შეზღუდვები შეუმსუბუქეს.

ოთხივე და-ძმას ბრალად ედება ეგრეთ წოდებული ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

მეგობრები და ოჯახის წევრები, მათ შორის ისინიც, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები, გაოცებას ვერ მალავენ, რატომ სჯიან რწმენის გამო ასეთ მშვიდობიან მოქალაქეებს. ძმა დიმიტრის თანამშრომლებიც კი, რომლებიც არ არიან მოწმეები, მხარს უჭერენ და მოუწოდებენ მას, რომ არ დანებდეს.

დიმიტრის გააზრებული აქვს, რომ სიხარული, რომელსაც ის დევნის მიუხედავად ინარჩუნებს, იეჰოვას მხარდაჭერაზე მოწმობს. ის ამბობს: „მოსესთვის კვერთხი იყო იმის ნიშანი, რომ იეჰოვა იყო მასთან. ჩემთვის სიხარულის განცდაა იეჰოვას მხარდაჭერის მიმანიშნებელი“. დიმიტრიმ ისიც დასძინა, რომ ამ სიტუაციაში სიხარულის შენარჩუნება მას საშუალებას მისცემს, განადიდოს იეჰოვას სახელი ციხის თანამშრომლებისა და გამომძიებლების თვალში.

ოლგა ოპალევა გვიყვება: „ამ სიტუაციაში რომ მოთმინებას ვინარჩუნებ, ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვაა ჩემ გვერდით. ყველაფერში, უმნიშვნელო რამეებშიც კი, მასზე ვარ მინდობილი“.

ალექსეი იხსენებს, რა ეხმარებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის და შინაპატიმრობის დროს: „იეჰოვა დამეხმარა ძალების შენარჩუნებაში. ამას მაშინაც ვგრძნობდი, როცა იზოლატორში ჩამსვეს. იეჰოვას მხნეობა ვთხოვე და მაშინვე ვიგრძენი, რომ ხელ-ფეხი და ხმა აღარ მიკანკალებდა. გადავწყვიტე, რომ ყველაფერი გამეკეთებინა ახალ გარემოსთან შესაგუებლად“.

„საქმე იეჰოვას სახელს ეხება“, — აღნიშნავს ოლგა პანიუტა, — „ამიტომაც მას უნდა მივენდოთ, მთელი გულით შევასრულოთ მისი ნება და განვიმტკიცოთ მასთან ურთიერთობა“.

სანამ ჩვენი ძვირფასი და-ძმები განაჩენის მოლოდინში არიან, ვლოცულობთ, რომ ისინი კვლავ სრულად იყვნენ დაიმედებულნი იეჰოვაზე, როგორც თავიანთ „კლდესა“ და ძალაზე, რათა ბოლომდე შეძლონ მოთმენა (კანონი 32:4).