2020 წლის 11 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმა იური საველიევს, რომელიც ორ წელზე მეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
სავარაუდო სასჯელი
2020 წლის 16 დეკემბერს a ქალაქ ნოვოსიბირსკში მდებარე ლენინსკის რაიონული სასამართლო განაჩენს გამოიტანს ძმა იური საველიევის საქმეზე. პროკურორმა ძმა იურისთვის რვაწლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ეს იქნება ჩვენი და-ძმებისთვის მისჯილი ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა მას შემდეგ, რაც 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აიკრძალა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა რუსეთში.
ზოგადი ცნობები
იური საველიევი
დაიბადა: 1954 წელს სოფელ კროხალიოვკაში (ნოვოსიბირსკის ოლქი).
ბიოგრაფია: იური ჯერ კიდევ ჩვილი იყო, დედა რომ დაეღუპა. ის დამ აღზარდა. მუშაობდა სანტექნიკოსად ელექტროსადგურში. რელიგიით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაინტერესდა. თავის კითხვებზე ლოგიკური პასუხები ბიბლიაში იპოვა. იეჰოვას მოწმე გახდა 1996 წელს.
სასამართლო საქმე
2018 წლის 8 ნოემბერს ნოვოსიბირსკის ოლქში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ძმა იურის ბინაში, აგრეთვე სხვა ცხრა იეჰოვას მოწმის სახლში. იური დააკავეს და გადაიყვანეს წინასწარი პატიმრობის იზოლატორში.
ძმა იურის ბრალად ედება ქალაქში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის ორგანიზება. მას ცხრაჯერ გაუხანგრძლივეს წინასწარი პატიმრობის ვადა მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სარჩელი იქნა შეტანილი მისი გათავისუფლების თაობაზე. ორ წელზე მეტია, რაც ძმა იური ციხეში იმყოფება. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებით რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვიდან მოყოლებული დღემდე, ძმა იური ყველაზე დიდი ხანია, რაც ციხეში იმყოფება, დენის კრისტენსენისა და სერგეი კლიმოვის შემდეგ.
ოთხშაბათს, 2020 წლის 9 დეკემბერს, სასამართლოს წინაშე თავის საბოლოო სიტყვაში ძმა იურიმ გაბედულად განაცხადა: «ბრალი იმიტომ კი არ მაქვს წაყენებული, რომ დანაშაული ჩავიდინე, არამედ იმის გამო, რომ ბიბლიური სწავლებების თანახმად ვცხოვრობ, როგორც იეჰოვას მოწმე.
მტრები არ მყავს; 67 წლის ვარ და ამ ხნის განმავლობაში არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. პოლიტიკაში არ ვერევი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგი ვარ, იქნება ეს სიტყვიერი, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური.
ღვთის მოთხოვნებიდან გავიგე, რომ ჩემი ვალია, ყველას პატივისცემით მოვექცე; არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სოციალურ ფენას, ეროვნებას თუ რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნება ადამიანი.
ბიბლია იმისკენაც მოგვიწოდებს, რომ პატივი ვცეთ უფლებამოსილ პირებს. კერძოდ, რომაელების 13:1—3-ში ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ: „ყველა დაემორჩილოს ხელისუფლებას, რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა. არსებულ ხელისუფლებებს ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ. ამიტომ, ვინც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ღვთიური წესრიგის წინააღმდეგ მიდის“.
მე ხელისუფლებას არ ვუპირისპირდები, რადგან არ მინდა ღვთის მოწინააღმდეგე გამოვიდე; ეს სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. იეჰოვას მოწმეების დამსახურებაა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მისი ძე იესო ქრისტე გავიცანი. მათი წყალობით დავრწმუნდი, რომ ბიბლია უნიკალური წიგნია. ის ცხოვრების ყველა სფეროში გვადგება».
ჩვენ გვამხნევებს ძმა იურის ძლიერი რწმენა. მისი განწყობიდან აშკარად ჩანს, რომ იეჰოვა მას შინაგან სიმშვიდეს აძლევს (ესაია 26:3).
a შესაძლოა შეიცვალოს