არჩეულ მასალაზე გადასვლა

6 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

სასიხარულო ცნობის ქადაგება 2023 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე

სასიხარულო ცნობის ქადაგება 2023 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე

2023 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის რამდენიმე ქალაქმა 2023 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ღონისძიებას მთლიანობაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. ჩემპიონატის პერიოდში ორივე ქვეყნის ცხრა ქალაქში სპეციალურ სამქადაგებლო კამპანიას გაეწია ორგანიზება, რომელში მონაწილეობაც დაახლოებით 1 200-მა და-ძმამ მიიღო. სულ მცირე 18-მა ადამიანმა მოითხოვა ბიბლიის შესწავლა.

სიდნეიში (ავსტრალია) ორი ინდოელი გოგოს ყურადღება სტენდზე გაკეთებულმა წარწერამ მიიქცია, რომელიც ბიბლიის სასწავლო კურსს ეხებოდა. მათ დებს ჰკითხეს, სად შეეძლოთ ამ კურსზე დასწრება. დებმა აუხსნეს, რომ ბიბლიის სასწავლო კურსის გავლა ინდივიდუალურად შეეძლოთ. შემდეგ ბროშურაზე „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ აჩვენეს QR კოდი, რომლის დახმარებითაც გოგონებმა ვებგვერდზე შეავსეს ანკეტა და მოითხოვეს ბიბლიის შესწავლა. მათი მოთხოვნა მალევე დაკმაყოფილდა.

ერთმა წყვილმა, რომელიც ბრიზბენიდან (ავსტრალია) იყო, დახმარება შესთავაზა ახალგაზრდა გოგოს, რომელიც სასტუმროს გზას ვეღარ აგნებდა. აღმოჩნდა, რომ ეს გოგო პაპუა-ახალი გვინეიდან იყო ჩასული. მას ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ერთ დროს ეს წყვილიც ცხოვრობდა მის ქვეყანაში. მათ საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს. მოგვიანებით ამ წყვილმა მას ქალაქიც დაათვალიერებინა და ბიბლიური ჭეშმარიტებაც გაუზიარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გოგონამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

ოკლენდში (ახალი ზელანდია) ერთმა დამ, სახელად ტერინამ, საუბარი წამოიწყო ავტოსადგომის დაცვის ორ თანამშრომელთან, რომლებიც პენჯაბურ ენაზე საუბრობდნენ. მალევე კიდევ ერთი თანამშრომელი მივიდა მათთან, საუბარი შეაწყვეტინა და იმ ორ მამაკაცს თავიანთ ენაზე დაუწყო ლაპარაკი. დამ იფიქრა, რომ ეს მამაკაცი მათ საყვედურობდა, რადგან სამუშაო დროს სალაპარაკოდ იყენებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ის თანამშრომლებს კი არ საყვედურობდა, არამედ დის ნათქვამს უთარგმნიდა. ამ მამაკაცმა დას უთხრა: „მკითხეს, რა არისო ბიბლია და მე ვუთხარი, რომ ღვთის წიგნია-მეთქი. ხომ სწორად ვუთხარი?“. ტერინამ სამივეს აჩვენა, როგორ შეეძლოთ ვებგვერდზე jw.org საკუთარ ენაზე მოეთხოვათ ბიბლიის შესწავლა.

ერთი კოლუმბიელი მამაკაცი, სახელად ნიკოლასი, ბრიზბენში სტენდთან მივიდა და ჩვენს შეხვედრებთან დაკავშირებით კითხვები დასვა. როგორც ამ მამაკაცმა აღნიშნა, დედამისი და პაპა-ბებია იეჰოვას მოწმეები იყვნენ და ისინი სულ ეპატიჟებოდნენ შეხვედრებზე. ძმებმა მისი საკონტაქტო ინფორმაცია ესპანურენოვან კრებას გადასცეს. ერთი საათიც არ იყო გასული, როცა მას ესპანურ ენაზე მოსაუბრე ძმა დაუკავშირდა და დაპატიჟა რეგიონულ კონგრესზე „კვლავაც მოითმინეთ!“.

გვახარებს, რომ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მცხოვრებ და-ძმებს საშუალება მიეცათ, ამ კამპანიის პერიოდში ექადაგათ სასიხარულო ცნობა და შეესრულებინათ სიტყვები: „ანათებთ როგორც მნათობები“ (ფილიპელები 2:15).